ვინ არის კაცი, რომელმაც საკუთარი კომპანია 700 თანამშრომელს გადასცა

ფფფ

კაცი, რომელმაც საკუთარი კომპანია 700 თანამშრომელს გადასცა - ესაა სათაური, რომლითაც მსოფლიომ ბობ მური გაიცნო - მარცვლეულის კომპანიის, Bob's Red Mill-ის დამფუძნებელი და უპრეცედენტო გადაწყვეტილების ავტორი. იგი 10 თებერვალს, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა, ამიტომ მსოფლიო მედიამ მური კიდევ ერთხელ გაიხსენა.

ბობიმ ცოლთან, ჩარლისთან ერთად, Bob's Red Mill 1978 წელს ორეგონში დააარსა. კონკურენტუნარიანი ბაზრის მიუხედავად, წყვილმა მარცვლეულის კომპანიებს შორის დიდი წარმატება მოიპოვა. ყოველწლიური შემოსავალი დღემდე $100 მილიონს აღემატება. ისინი 70-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტ პროდუქტს ყიდიან.

როგორც წყვილი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, მათი მისია მთელი მსოფლიოსთვის ჯანსაღი საკვების მიწოდება და თავიანთი თანამშრომლების ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 2010 წელს მურიმ თანამშრომელთა თანასაკუთრების გეგმის შედგენა დაიწყო და აქციები დასაქმებულებზე ნელ-ნელა სრულად გადაანაწილა.

2020 აპრილისთვის Bob's Red Mill-ის 100%-იანი წილი 700 თანამშრომელს ეკუთვნოდა. "მოგების გაზიარებამ, კომპანიის მათთვის გადაცემამ და, საბოლოოდ, მეტი გაღიმებული სახის დანახვამ ბედნიერ ადამიანად მაქცია. კომპანიის ფინანსურ წარმატებაში მათი წილი ძალიან დიდია. ჩემი გადაწყვეტილება უბრალოდ მადლიერების ჟესტია, იმ იმედით, რომ სხვებისთვისაც გადამდები გახდება", - ამბობდა მური.

როგორც ცნობილია, წლების განმავლობაში არაერთი კერძო პირი თუ კორპორაცია დაინტერესდა Bob's Red Mill-ის შეძენით, მაგრამ 700 თანამესაკუთრე უკვე მე-14 წელია კომპანიას წარმატებით მართავს და მსოფლიო ბიზნეს ისტორიაში ერთ-ერთ პრეცედენტულ ისტორიას ქმნის.

ასევე ნახეთ:

ბიძინა კულუმბეგოვის რეკომენდაციები - ნახეთ, როგორ უნდა გამოვიცნოთ რა ტიპის ალერგია გვაწუხებს

არ დაუშვათ ტრაგიკული შეცდომა - ვინ და რატომ არ უნდა მონათლოს ბავშვები