ვენესუელელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსისთვის ნობელის პრემიის გადაცემის შემდეგ, ვენესუელამ ოსლოში საელჩოს დახურვის შესახებ განაცხადა

ვენესუელელი ოპოზიციონერი

ვენესუელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ოსლოში საელჩოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

ვენესუელის ხელისუფლებამ ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც რამდენიმე დღის წინ ვენესუელელი ოპოზიციონერი მარია კორინა მაჩადო მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატად გამოცხადდა.

განცხადებაში ვენესუელის მთავრობა არ ახსენებს მაჩადოს ჯილდოს და აცხადებს, რომ საელჩოს დახურვა კარაკასის მიერ საგარეო სამსახურის რესტრუქტურიზაციას უკავშირდება.

ოსლოში ვენესუელის სალჩოს დახურვას ადასტურებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ამ გადაწყვეტილებას სამწუხაროს უწოდებს.

„ზოგიერთ საკითხზე ჩვენ შორის აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ნორვეგიას სურს ვენესუელასთან დიალოგის შენარჩუნება და გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას“, – განაცხადეს ნორვეგიის საგარეო უწყებაში.

სამინისტროში ასევე აღნიშნავენ, რომ ნობელის კომიტეტი ნორვეგიის მთავრობისგან დამოუკიდებელია.

10 ოქტომბერს მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემიის მფლობელად ვენესუელელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მარია კორინა მაჩადო გამოცხადდა.

როგორც ნობელის კომიტეტის განცხადებაშია ნათქვამია, მარია კორინა მაჩადოს ჯილდო ვენესუელელი ხალხის დემოკრატიული უფლებებისთვის დაუღალავი მუშაობისა და დიქტატურიდან დემოკრატიაზე სამართლიანი და მშვიდობიანი გადასვლის მისაღწევად ბრძოლისთვის გადაეცა. თავის მხრივ, ვენესუელის ლიდერმა, ნიკოლას მადურომ მაჩადოს „დემონური ალქაჯი“ უწოდა.