ველით, რომ ჩემი ვადის ამოწურვისას ჩიპების მსოფლიო ბაზრის 40-50% ჩვენთან იქნება - ტრამპი

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას სურს, რომ ჩიპების მწარმოებელი ყველა ტაივანური კომპანია სამუშაოს გასაგრძელებლად ამერიკაში გადავიდეს.

თეთრი სახლის ლიდერის განცხადებით, მას სურს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვისას ჩიპების მსოფლიო წარმოების 40-50% ამერიკაში იყოს თავმოყრილი.

„ერთ რაღაცას გეტყვით. ახალ ამბავს მოგიყვებით. მსურს, რომ ტაივანში ჩიპის ყველა მწარმოებელი ამერიკაში გადმოვიდეს. სიმართლე რომ გითხრათ, ეს არის საუკეთესო, რის გაკეთებაც შეუძლიათ. იმიტომ რომ, ვითარება დაძაბულია. ეს ეჭვგარეშეა. იცით, ჩიპების მწარმოებელი ბევრი კომპანია უკვე გვყავს, რომლებიც სამუშაოდ ჩვენთან გადმოვიდნენ. ველით, რომ ჩემი ვადის ამოწურვისას ჩიპების მსოფლიო ბაზრის 40-50% ჩვენთან იქნება. ვფიქრობ, რომ მეტი უნდა გვქონდეს. ჩიპის მწარმოებელი ყველა კომპანია, თუ ჭკვიანია, არიზონაში და სხვა ადგილებში უნდა გადმოვიდეს, ააშენოს ქარხნები, რაც პრობლემას მოაგვარებს“, - განაცხადა ტრამპმა.