უსახლკაროდ დარჩენილი მოსახლეობა და მიწასთან გასწორებული ლოს-ანჯელესი - კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

ლოს-ანჯელესი ხანძარი

აშშ-ის კალიფორნიის შტატში, მასშტაბური ხანძრის გამო, საცხოვრებელი ასიათასობით მოქალაქემ დატოვა. შტატში დამანგრეველ სტიქიას ებრძვიან. განადგურებულია საცხოვრებელი სახლები და კომერციული შენობები. მოქალაქეები, უსახლკაროდ დარჩენილების დასახმარებლად, ჰუმანიტარულ დახმარებას აგროვებენ.

ქალაქი, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილი იყო, დღეს მიწასთან არის გასწორებული. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა მონაწილეობს, თუმცა, ძლიერი ქარისა და რთული რელიეფური მდებარეობის გამო, ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ბოლო მონაცემებით, ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სავალდებულო ევაკუაციის პარალელურად, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტიქიის ზონაში კომენდანტის საათი გამოაცხადა. ლოს-ანჯელესის ხელმძღვანელობა მოქალაქეებს კვლავ მოუწოდებს, დაემორჩილონ მოთხოვნას და დატოვონ სტიქიის ზონა.

კალიფორნიის შტატის დასახმარებლად, მზადაა პენტაგონი. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერი ამბობს, რომ, კალიფორნიის მხრიდან დამატებითი ძალების მოთხოვნის შემთხვევაში, 500 მორიგე პერსონალი და 10 ვერტმფრენი სრულ მზადყოფნაშია.

ამ დროისთვის, შტატის სხვადასხვა ლოკაციაზე გაჩენილი ცეცხლის კერების ლოკალიზება ვერ ხერხდება. მოსახლეობის დიდ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, დროებით შეწყვეტილია სასწავლო პროცესი. სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები და სპეცტექნიკა მუშაობს.