რამდენად შეიძენთ დოლარს და ევროს უქმეებზე - განახლებული კურსი
1785503310
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელ X-ში ესპანურ ანკლავ სეუტაში მაროკოდან უკანონო მიგრანტების შეჭრას გამოეხმაურა.
როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირი ვერ დაუშვებს, რომ ვინმე მის ტერიტორიაზე დადგენილი წესებს გვერდის ავლით შემოვიდეს.
„ვერ დავუშვებთ, რომ ვინმე ჩვენს კავშირში დადგენილი წესების გვერდის ავლით შემოვიდეს. სიცოცხლისთვის საშიში საზღვრის გადაკვეთის მცდელობები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
ადამიანების უკანონო გადაყვანით დაკავებული ქსელები უნდა დაიშალოს, ხოლო უკანონოდ შემოსული პირების დაბრუნების პროცესი ჩვენი წესების შესაბამისად სწრაფად უნდა განხორციელდეს. სიტუაციის დარეგულირება ორ ევროკომისარს დავავალე“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა.
როგორც ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, მიგრაციისა და შიდა საკითხებში ევროკომისარი მაგნუს ბრუნერი მჭიდროდ თანამშრომლობს ესპანურ მხარესთან და მზად არის ადგილზე ჩავიდეს. ხოლო ხმელთაშუა ზღვის საკითხებში ევროკომისარი დუბრავკა შუიცა მაროკოს ხელისუფლებასთან არის კონტაქტზე და პრობლემის მოგვარებას მასთან ცდილობს.
ცნობისთვის, ბოლო ორ დღეში ხმელეთით და ზღვით მაროკოდან სეუტაში ათასობით მიგრანტი გადავიდა.
ზღვის გადაცურვის მცდელობისას ათზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
31 ივლისს სააგენტო Reuters-მა ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით დაწერა, რომ სეუტაში დაახლოებით 49 ათასმა მიგრანტმა შეაღწია. სეუტის ადგილობრივი მოსახლეობის რიცხვი 84 ათასამდეა.
სააგენტო AFP წერს, რომ მიგრანტების ამჟამინდელი ნაკადი ყველაზე მასშტაბურია 2021 წლიდან, როცა სეუტის საზღვრის გარღვევას 10 000-ზე მეტი ადამიანი ცდილობდა.
სეუტაში შექმნილმა ვითარებამ მწვავე პოლიტიკური დავა გამოიწვია თავად ესპანეთში. მემარჯვენე ოპოზიციამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოითხოვა.
გამოცემა The New York Times-ი წერს, რომ ესპანეთის ხელისუფლება ჯერჯერობით თავს არიდებს მიგრაციულ კრიზისში მაროკოს დადანაშაულებას და ხაზს უსვამს კონტროლის სფეროში მაროკოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის მნიშვნელობას.