ეროვნული ბანკი შესაძლო „ფინანსური პირამიდების“ შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს
1785509339
მაროკოდან ესპანეთის ავტონომიურ ქალაქ სეუტაში ათასობით მიგრანტის შესვლამ ქალაქში ქაოსი გამოიწვია და პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მიგრაციული პოლიტიკის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გააძლიერა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის შეფასებით, ეს სეუტისთვის ყველაზე მასშტაბური სასაზღვრო კრიზისია 2021 წლის შემდეგ, როდესაც მაროკოდან ქალაქში სულ მცირე 8 000 ადამიანი შევიდა. სეუტა და მელილია ესპანეთის ორი ავტონომიური ქალაქია, რომლებიც ევროკავშირის ერთადერთი ტერიტორიებია, რომლებსაც აფრიკის კონტინენტთან სახმელეთო საზღვარი აქვთ.
POLITICO-ს ცნობით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ოთხშაბათს განაცხადა, რომ სეუტაში ზღვის გავლით შემსვლელი მიგრანტების რაოდენობა სწრაფად იზრდებოდა. სეუტის პრეზიდენტმა ხუან ხესუს ვივასმა ჟურნალისტებთან საუბრისას ვითარებას „აბსოლუტური ჰუმანიტარული და სოციალური საგანგებო მდგომარეობა“ უწოდა და ცენტრალურ ხელისუფლებას დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდა.
გუშინ ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა - სეუტაში ათასობით მიგრანტი როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო გზით შევიდა, რის გამოც მიმღები ცენტრები გადაიტვირთა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ ადამიანები ნაპირზე საცურაო ჰიდროკოსტიუმებისა და მცურავი საშუალებების გამოყენებით გადადიან.
პედრო სანჩესმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მაროკოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობს, რათა ვითარება რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს, და პირობა დადო, რომ მთავრობა დაუყოვნებლივ იმოქმედებს.
როგორც POLITICO წერს, სასაზღვრო კრიზისი ესპანეთის უზენაესი სასამართლოს რამდენიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ განვითარდა, რომლის მიხედვითაც ზღვის გზით ქვეყანაში ჩასული მიგრანტების დაუყოვნებლივი დეპორტაცია დაუშვებელია.
სანჩესის პოლიტიკურმა ოპონენტებმა პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელებში მწვავედ გააკრიტიკეს. მათ შორის იყვნენ ულტრამემარჯვენე პარტია Vox-ის ლიდერი სანტიაგო აბასკალი, რომელმაც მიმდინარე მოვლენებს „შეჭრა“ უწოდა, და ოპოზიციური „სახალხო პარტიის“ (PP) ლიდერი ალბერტო ნუნიეს ფეიხო.
სეუტაში განვითარებულ მოვლენებს ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც გამოეხმაურნენ მიგრაციის გამკაცრების მომხრე პოლიტიკოსები. მათ შორის იყვნენ გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD)-ის თანათავმჯდომარე ალის ვაიდელი და „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) პრეზიდენტი მანფრედ ვებერი, რომელმაც განაცხადა: „ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთ რამეს: მიგრაციის პაქტი და დაბრუნების რეგულაცია დღესვე უნდა ამოქმედდეს და არა ხვალ. ასევე საჭიროა Frontex-ის გაძლიერება“.
ესპანეთში მიგრაციის საკითხზე დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც სანჩესის მთავრობამ არალეგალურად მყოფ მიგრანტებს ქვეყანაში ლეგალური სტატუსის მიღებისა და დარჩენის შესაძლებლობა მისცა. ამ პროგრამით უკვე მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, წერს POLITICO.