UNICEF: საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის მატებასთან ერთად, ლიბანში, 2 მარტის შემდეგ, სულ მცირე, 83 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 254 - დაიჭრა

unisef

ლიბანში საბრძოლო მოქმედებების უწყვეტი ესკალაცია და ბავშვებზე მისი დამანგრეველი გავლენა უაღრესად შემაშფოთებელია, - განაცხადა ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში UNICEF-ის რეგიონულმა დირექტორმა, ედუარდ ბეგბედერმა.

„ბოლო მონაცემებით, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის მატებასთან ერთად, 2 მარტის შემდეგ, სულ მცირე, 83 ბავშვი დაიღუპა და 254 დაიჭრა“, - ნათქვამია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ბოლო 28 თვის განმავლობაში ლიბანში 329 ბავშვი დაიღუპა და 1,632 დაშავდა. მხოლოდ ბოლო ექვსი დღის განმავლობაში დაღუპულ ბავშვთა რაოდენობა 25 პროცენტით გაიზარდა და „ამ შემზარავმა მაჩვენებელმა 412-ს მიაღწია“.

UNICEF-ი მოუწოდებს ყველა მხარეს, დაიცვან მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მათ შორის სკოლები და თავშესაფრები, და შეასრულონ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით ნაკისრი ვალდებულებები.