პუტინი: რუსეთმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება ენერგორესურსების მიწოდება ევროპული მიმართულებიდან უფრო საინტერესო მიმართულებებზე გადაიტანოს

პუტინი

რუსეთმა შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება ენერგორესურსების მიწოდება ევროპული მიმართულებიდან უფრო საინტერესო მიმართულებებზე გადაიტანოს და არ დაელოდოს, ვიდრე ევროკავშირი თავად მიუჯახუნებს კარს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ გამართულ თათბირზე განაცხადა.

მან შეახსენა დამსწრეებს, რომ 25 აპრილიდან ევროკავშირის ქვეყნები გეგმავენ დამატებითი შეზღუდვების დაწესებას რუსული ნახშირწყალბადების შესყიდვაზე, მათ შორის თხევად ბუნებრივ აირზეც, ხოლო 2027 წელს ასეთი მიწოდების სრულად აკრძალვას.

„ამასთან დაკავშირებით, მთავრობის წინაშე უკვე დაისვა ამოცანა, შეაფასოს ევროპულ ბაზარზე ჩვენი ენერგორესურსების მიწოდების შეწყვეტის შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა. არ დაველოდოთ, სანამ ჩვენ წინაშე დემონსტრაციულად მიიჯახუნებენ კარს, არამედ ეს უკვე ახლავე გავაკეთოთ და ეს მოცულობები ევროპული ბაზრიდან უფრო საინტერესო მიმართულებაზე გადავიტანოთ და, რაც მთავარია, იქ დავიმკვიდროთ ადგილი“, - დასძინა პუტინმა.