საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
უნგრეთის შემდეგ უკრაინაში დიზელის საწვავის ექსპორტს სლოვაკეთიც აჩერებს, – ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა და გადაწყვეტილების მიზეზად ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნედლეულის მიწოდების შეწყვეტას ასახელებს.
მისივე თქმით, მთავრობა ამ ნაბიჯს შიდა მოხმარებისთვის საწვავის რეზერვების შესანარჩუნებლად დგამს.
„Slovnaft-ის ნავთობგადასამუშავებელი კომპანია წყვეტს დიზელის საწვავის ექსპორტს უკრაინაში და ყველა სხვა ექსპორტს. მის მიერ წარმოებული ყველა პროდუქცია მხოლოდ სლოვაკეთის ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.
ამასთან, სლოვაკეთის პრემიერის განცხადებით, სლოვაკეთს საწვავის ან სხვა ნავთობპროდუქტების დეფიციტი არ ემუქრება.
მანამდე ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, Slovnaft-ის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სტრატეგიული ნავთობის რეზერვების დროებით გამოყენების უფლება მისცეს. საუბარია 250 000 ტონა ნავთობზე.
გარდა ამისა, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ლვოვის ოლქში, ქალაქ ბროდიში, ნავთობსადენ „დრუჟბის“ დაზიანებული ადგილის დასათვალიერებლად ექსპერტთა ჯგუფის გაგზავნას გეგმავს.
რობერტ ფიცოს განცხადებით, უკრაინას ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია, ამიტომ, მისივე თქმით, სლოვაკეთის ელჩმა უკრაინის წარმომადგენლებს განმარტებების მოთხოვნით ოფიციალური ნოტა გადასცა.
ფიცომ ევროკომისიას მოუწოდა, ქალაქ ბროდიში მონიტორინგისთვის ჯგუფი გაგზავნოს და არ გამორიცხა, რომ ნავთობსადენთან არსებული სიტუაცია უკრაინის მხრიდან „პოლიტიკური შანტაჟი“ იყოს.
„ჩვენს ელჩს შევთავაზებ, რომ ბროდიში ვიზიტის შესაძლებლობა მოითხოვოს. არა მხოლოდ მისთვის, არამედ სლოვაკეთის ექსპერტთა ჯგუფისთვისაც, რათა საკუთარი თვალით ვნახოთ, რა მოხდა იქ, ისეთია თუ არა დაზიანება, როგორც უკრაინა აცხადებს თუ ფაბრიკაციაა, რადგან, ჩვენი სადაზვერვო ინფორმაციით, ის აღდგენილია და ტექნიკურად მზადაა ნავთობის მომარაგებისთვის. ასევე, მივმართავთ ევროკომისიას, გამოგზავნოს მონიტორინგის ჯგუფი, რათა დადგინდეს, რა მოხდა სინამდვილეში ბროდიში, რადგან თუ ეს პოლიტიკური შანტაჟია, როგორც ეს გაზის შემთხვევაში იყო, ეს სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა ფიცომ.
ცნობისთვის, ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნედლეულის მიწოდება 27 იანვრიდან არის შეჩერებული. უკრაინული მხარის განცხადებით, მიზეზი ნავთობსადენზე განხორციელებული რუსული თავდასხმაა. სლოვაკეთი და უნგრეთი კი უკრაინას „შანტაჟსა“ და რუსული ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. ბუდაპეშტმა და ბრატისლავამ ხორვატიას სთხოვეს, რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში ადრიატიკის ნავთობსადენით განხორციელდეს.