უნგრეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრები უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობებში ევროკავშირისგან კვლავ დამცავ ზომებს ითხოვენ

უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი

უნგრეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის სოფლის მეურნეობის მინისტრები უკრაინასთან სავაჭრო ურთიერთობებში ევროკავშირისგან კვლავ დამცავ ზომებს ითხოვენ.

უკრაინული გამოცემის, „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, შესაბამისი წერილით სამი ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ვაჭრობისა და სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისრებს, მაროშ შეფჩოვიჩს და კრისტოფ ჰანსენს მიმართეს. წერილში ისინი ითხოვენ აღნიშნული საკითხის ლუქსემბურგში დღეს დაგეგმილი ევროკავშირის სოფლის მეურნეობის საბჭოს სხდომაზე განხილვას.

„ევროპეისკაია პრავდას“ ევროკავშირის საბჭოში დაუდასტურეს, რომ აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში საღამოს განიხილება.

მანამდე ევროკავშირის მინისტრები მოისმენენ ანგარიშს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად სოფლის მეურნეობის მდგომარეობის და აგრარული პროდუქციის ექსპორტის შესახებ. აღნიშნულ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებს უკრაინის ვიცე-პრემიერი ტარას კაჩკა.

„მიგვაჩნია, რომ ევროკავშირსა და უკრაინას შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება სათანადოდ არ ითვალისწინებს ევროკავშირის ფერმერებისა და საკვები პროდუქტების მწარმოებლების ინტერესებს. ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ეფექტიანი დამცავი ზომების დაწესება“, – ნათქვამია უნგრეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის მინისტრების წერილში.

მინისტრები მიიჩნევენ, რომ უკრაინასთან შეთანხმებით გათვალისწინებული სატარიფო კვოტა, რომელიც დადგენილია ევროკავშირის დონეზე, საზღვრისპირა წევრი სახელმწიფოების სათანადო დაცვას ვერ უზრუნველყოფს. ამიტომ ამ კვოტების განსაზღვრის საფუძველი უნდა იყოს ნორმალური, ომამდელ პერიდოში არსებული ორმხრივი სავაჭრო ნაკადები საზღვრისპირა წევრ სახელმწიფოსა და უკრაინას შორის.

ამ კონტექსტში სამი ქვეყანა ითხოვს სიმინდის იმპორტის პრობლემის დარეგულირებას. ამას გარდა, ისინი მოუწოდებენ ევროკომისიას, შექმნას სპეციალური ფონდი ზარალის კომპენსაციისთვის, რომლიც შესაძლოა, დადგეს იმ შემთხვევაში, თუ უკრაინიდან პროდუქციის ჭარბად შეტანა მოხდება.

მანამდე „ევროპეისკაია პრავდა“ წერდა, რომ ევროკავშირი-უკრაინის ასოცირების კომიტეტმა 14 ოქტომბერს მხარი დაუჭირა ევროკავშირში უკრაინიდან აგრარული პროდუქციის ექსპორტზე ტარიფების ნაწილის გაუქმებას და კვოტების გაზრდას.