უმაღლესმა რადამ სერგეი კორეცკის უკრაინის პრემიერად დანიშვნას მისცა ხმა

სერგეი კორეცკი

უმაღლესმა რადამ უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე „ნაფტოგაზისა“ და „უკრნაფტას“ ყოფილი ხელმძღვანელი, სერგეი კორეცკი დანიშნა. შესაბამის გადაწყვეტილებას სახალხო დეპუტატებმა მხარი სულ ცოტა ხნის წინ დაუჭირეს. გადაწყვეტილების მიღებას ხმა 289-მა სახალხო დეპუტატმა მისცა.

მთავარი პრიორიტეტები, რომლებიც კორეცკის დანიშვნამდე პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააჟღერა, არის ქვეყნის მომზადება ზამთრისთვის, ენერგეტიკული და საწვავის ინფრასტრუქტურის დაცვა, ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაცია და საერთაშორისო დახმარების ეფექტური მართვა. ხელისუფლება მოელის, რომ მომავალი ზამთარი ომის მთელი წლების განმავლობაში ყველაზე მძიმე იქნება.

უმაღლეს რადაში დანიშვნამდე სიტყვით გამოსვლისას, კორეცკიმ მთავრობის მომავალი მუშაობის ძირითადი პრიორიტეტები გამოყო.

„ეს არის თავდაცვის ძალების სრული უზრუნველყოფა, უკრაინის თავდაცვისა და სამრეწველო კომპლექსის პოტენციალის გაზრდა, მოსახლეობის მხარდაჭერა და სოციალური დაცვა, პირველ რიგში - ფრონტისპირა დასახლებების მცხოვრებლებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.

პრიორიტეტებს შორის მან ასევე დაასახელა ბიზნესის მხარდაჭერა ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება, საერთაშორისო დახმარების ეფექტური გამოყენება და უკრაინელებისთვის განკუთვნილი საბინაო პროგრამების რეალიზაცია.