უკრაინულმა და ამერიკულმა დელეგაციებმა ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყების შემდეგ პირველი შეხვედრა გამართეს

 უკრაინა

 ფლორიდაში უკრაინული და ამერიკული დელეგაციების შეხვედრა გაიმართა - პირველი ახლო აღმოსავლეთში ომის დაწყებით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

„განვაგრძეთ შემდგომი ნაბიჯების განხილვა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიდგომების შეთანხმებას პრაქტიკული შედეგებისკენ შემდგომი წინსვლისთვის“, - დაწერა უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა, რუსტემ უმეროვმა სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 21 მარტის საღამოს მიმართვაში განაცხადა, რომ „გუნდები ურთიერთობას ხვალაც გააგრძელებენ“.

„ყველაზე მთავარია გავიგოთ, რამდენად მზად არის რუსული მხარე ომის რეალური დასრულებისთვის და რამდენად არიან ისინი მზად, გააკეთონ ეს პატიოსნად და ღირსეულად. მით უმეტეს ახლა, როდესაც ირანის სიტუაციის გამო გეოპოლიტიკური პრობლემები მხოლოდ გაიზარდა“, - თქვა ზელენსკიმ.

ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ მხარეებმა „კონსტრუქციული შეხვედრები გამართეს“, სადაც ყურადღება გამახვილდა „საკითხთა წრის შევიწროებაზე“ და „დარჩენილი პრობლემების გადაჭრაზე“ სამშვიდობო შეთანხმებასთან მისაახლოებლად.

რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებების ბოლო რაუნდი ჟენევაში 17–18 თებერვალს გაიმართა. მოსალოდნელი იყო, რომ შემდეგ ჯერზე მხარეები მარტის დასაწყისში აბუ-დაბიში შეხვდებოდნენ, თუმცა 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, რამაც სპარსეთის ყურის ქვეყნებიც მოიცვა. ამის შემდეგ სამმხრივი მოლაპარაკებები პაუზაზე დადგა. ზელენსკის თქმით, ამერიკულმა მხარემ განაცხადა, რომ მზად არის შეხვედრებისთვის მხოლოდ ამერიკაში, რადგან ახლო აღმოსავლეთში ომი მათ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის დატოვებას უკრძალავს.