უკრაინული მედია: უკრაინისთვის ევროკავშირის საკრედიტო პროგრამის ფარგლებში გადარიცხვები გაყინულია

განგაში უკრაინაში

ევროკავშირის წარმომადგენლებმა 24 ივლისს დიპლომატიური არხებით აცნობეს უკრაინის მთავრობას, რომ აჩერებენ უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გამოყოფას. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია მთავრობის, დიპლომატიური წრეებისა და უკრაინის პარლამენტის ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მიზეზი გახდა 22 ივლისს #12414 კანონპროექტის მიღება, რომელმაც ფაქტობრივად უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურა გენერალური პროკურორის კონტროლს დაუქვემდებარა.

„ყველაფერი დაპაუზებულია მდგომარეობის გამოსწორებამდე“, - განაცხადა წყარომ.

პირველ რიგში, საუბარია ევროკავშირის წვლილზე უკრაინისთვის გადაუდებელი შემოსავლების დაჩქარებული მიღების საკრედიტო პროგრამაში (Extraordinary Revenue Acceleration Loans for Ukraine).

ამ მექანიზმის ფარგლებში, კიევს ევროკავშირის ხაზით წლის ბოლომდე უნდა მიეღო დაახლოებით 20 მილიარდი დოლარი.

გარდა ამისა, გაყინულია ევროპული რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხებიც.