უკრაინის უმაღლესი რადა ანტიკორუფციული ორგანოების უფლებამოსილების გაძლიერების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის წარდგენილ კანონპროექტს 31 ივლისს განიხილავს

უკრაინის უმაღლესი რადა

უკრაინის უმაღლესი რადა ანტიკორუფციული ორგანოების უფლებამოსილების გაძლიერების შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ წარდგენილ კანონპროექტს 31 ივლისს დანიშნულ სხდომაზე განიხილავს. ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„უკრაინის უმაღლესი რადას სხდომა პრეზიდენტის გადაუდებელი კანონპროექტის „უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის უფლებამოსილების გასაძლიერებლად უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში ცვლილებების შეტანის შესახებ“ განსახილველად 2025 წლის 31 ივლისს გაიმართება“, – წერს სტეფანჩუკი.

სტეფანჩუკის ცნობით, კანონპროექტის განხილვისას ის წარადგენს ინიციატივას საკანონმდებლო ცვლილებების ერთიანად დამტკიცებისა და მისი გადაუდებელი ხელმოწერის შესახებ. მან ასევე აღნიშნა, რომ სხდომაზე რადა სხვა მნიშვნელოვან საკანონმდებლო ინიციატივებსაც განიხილავს.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივლისს ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ანტიკორუფციული ორგანოების დამოუკიდებლობას ზღუდავს. კერძოდ, ცვლილებები ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის დამოუკიდებლობას აუქმებს და მათ გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებებს უქვემდებარებს. აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას უკრაინის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. დემონსტრაციებისა და დასავლეთის მხრიდან კრიტიკის ფონზე, გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა რადას წარუდგინა ახალი კანონპროექტი, რომელიც, მისი თქმით, უზრუნველყოფს სამართალდამცავი სისტემის სიმტკიცესა და ანტიკორუფციული ინსტიტუტების დამოუკიდებლობისთვის ყველა ნორმის დაცვას, ასევე არ დაუშვებს რუსეთის ჩარევას. ამის შემდეგ უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროში განაცხადეს, რომ ზელენსკის ახალი კანონპროექტი აღადგენს ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის ყველა უფლებამოსილებას და დამოუკიდებლობის გარანტიებს.