უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს სტაბილურობის ერთადერთი პასუხი - მაკრონი

მაკრონი

უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს სტაბილურობის ერთადერთი პასუხი - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოვაში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.

ემანუელ მაკრონი, კიშინოვში მოლდოვის პრეზიდენტს შეხვდა - გაიმართა ერთობლივი ბრიფინგი.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, უნდა გაგრძელდეს ევროპის გამარტივება, რათა ის უფრო ეფექტური გახდეს. ბრიფინგზე მაკრონმა, ასევე, აღნიშნა, რომ მოლდოვის განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ „სავსებით ლეგიტიმურია“.

„უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ წარდგენილი განაცხადები - საფრანგეთის თავმჯდომარეობით ევროკავშირის სამიტმა ივნისის ბოლოს უნდა განიხილოს. ევროკავშირში გაწევრიანება არ შეიძლება იყოს სტაბილურობის ერთადერთი პასუხი, ჩვენ, ასევე, უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ევროპის გამარტივება, რათა ის უფრო ეფექტური იყოს. მნიშვნელოვანია, უფრო ფართო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნა. კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილებას ევროკომისია განიხილავს და საბჭოს წევრები გადაწყვეტენ.

მე არ მინდა, წინასწარ ვიმსჯელო ამ გადაწყვეტილებაზე აქ, რადგან ჩემი, როგორც ევროპული საბჭოს როტაციული თავმჯდომარის როლი, არის კონსენსუსის შექმნა. თუმცა, ჩემი სურვილია, რომ ჩვენ შევძლოთ დადებითი და მკაფიო გზავნილის გაგზავნა ამ მოთხოვნის შესახებ,"- განაცხადა მაკრონმა.