პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია შეაშფოთა რომის პაპის, ფრანცისკეს ონლაინ გამოსვლამ რუსეთის კათოლიკე ახალგაზრდების შეხვედრაზე, რომელიც პეტერბურგში გაიმართა. უკრაინის ეკლესია რომის კათოლიკური ეკლესიისგან განმარტებას ითხოვს.
ინფორმაციამ, რომ 25 აგვისტოს, რუსეთის კათოლიკე ახალგაზრდებისადმი ონლაინ მიმართვისას პაპმა მათ უწოდა წმინდანების, მმართველების, პეტრე პირველის და ეკატერინე მეორის „დიდი რუსეთის" და უდიდესი განათლების, კულტურის და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შთამომავლები და უთხრა, რომ ამ მემკვიდრეობით წინსვლა უნდა განაგრძონ, უკმაყოფილება გამოიწვია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ვებსაიტზე 28 აგვისტოს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის კონტექსტში, მსგავსი გამონათქვამები შთააგონებს აგრესორი ქვეყნის ნეოკოლონიალისტურ ამბიციებს. უკრაინის ეკლესიას იმედი აქვს, რომ პაპის სიტყვები ნათქვამი იყო სპონტანურად, ისტორიული შეფასებების მცდელობის გარეშე და მიზნად არ ისახავდა რუსეთის იმპერიალისტური ამბიციების მხარდაჭერას.
უკრაინის ეკლესიის შეფასებით, პაპის სიტყვები პეტრე პირველის და ეკატერინე მეორის „დიდი რუსეთის" და დიდი განათლების, კულტურის და ჰუმანურობის მქონე იმპერიის შესახებ, შესაძლოა, აღქმული იყოს მხარდაჭერად იმ ნაციონალიზმის და იმპერიალიზმის, რომელიც დღეს იქცა უკრაინაში ომის მიზეზად - ომის, რომელსაც უკრაინელი ხალხისთვის ყოველდღე მოაქვს სიკვდილი და ნგრევა, მაშინ, როცა პაპი ფრანცისკე ყოველთვის გმობდა თანამედროვე მსოფლიოში იმპერიალიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და უკიდურესი ნაციონალიზმის საფრთხეებზე მიუთითებდა. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია აცხადებს, რომ წმინდა საყდრისგან განმარტებას ელოდება ნებისმიერი მანიპულაციის თავიდან ასაცილებლად.
რომის პაპი გააკრიტიკა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ. მისი განცხადებით, კრემლი მსგავსი იმპერიალისტური პროპაგანდით და „დიდი რუსეთის" გადარჩენით ამართლებს ათასობით უკრაინელის მკვლელობას და ასეულობით ქალაქის და სოფლის განადგურებას.
ნიკოლენკომ სამწუხარო უწოდა, რომ რუსეთის „ველიკოდერჟავული იდეები“, რაც მისი ქრონიკული აგრესიულობის მიზეზია, შეგნებულად, თუ შეუგნებლად ჟღერს რომის პაპისგან, რომლის მისიაა რუს ახალგაზრდებს თვალი აუხილოს რუსეთის დღევანდელი ხელისუფლების დამანგრეველ კურსზე.
უკრაინის აღშფოთების გამომწვევი სიტყვები არ იძებნება რომის პაპ ფრანცისკეს მიმართვის ტექსტში, რომელიც წმინდა საყდრის ოფიციალურ საიტზე მიმართვიდან მეორე დღეს, 26 აგვისტოს გამოქვეყნდა. ამასთან, პაპის ციტატა „დიდი რუსეთის" შესახებ, მოყვანილია პეტერბურგში გამართული შეხვედრის ამსახველ მასალაში, რომელიც რუსეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული.