უკრაინაში, ვიქტორ იანუკოვიჩის ქონებას კონფისკაცია გაუკეთეს

იანუკოვიჩი

უკრაინის უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ (ВАКС) დააკმაყოფილა იუსტიციის სამინისტროს სარჩელი და სახელმწიფო ხაზინას გადასცა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის უძრავ-მოძრავი ქონება და ფული. ინფორმაციას სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კონფისკაციას დაექვემდებარა იანუკოვიჩის ყოფილი რეზიდენცია მეჟიგორიე კიევის მახლობლად, სასტუმრო-რესტორნის კომპლექსი სუხოლუჩიეში, ბინა კიევში, ფინანსური საშუალებები ანგარიშებზე  (მლნ დოლარზე მეტი), წილები საწარმოებში, ასევე, ძვირფასეულობა, რომელთა საერთო ღირებულება 18,7 მილიონ ევროს შეადგენს: ჩამონათვალშია ხატები, სურათები, ანტიკვარული ავეჯი, საათები, ლარნაკები, ხმლები, თოფები, XIX საუკუნის ზარბაზანი...

იანუკოვიჩი 2010-2014 წლებში იყო უკრაინის პრეზიდენტი. 2014 წლის თებერვალში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე, ის ქვეყნიდან გაიქცა. სწორედ ეს გახდა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და დონბასში კონფლიქტის დაწყების ერთ-ერთი მთავარი საბაბი.

უკრაინაში იანუკოვიჩს ბრალად დასდეს სახელმწიფოს ღალატი და სხვა დანაშაულები. ერთ-ერთი სისხლის სამართლის საქმის მიხედვით, მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. იანუკოვიჩი რუსეთში ცხოვრობს.