„საქართველოს საზღვართან თურქული სატვირთო ბორტი ჩამოვარდა“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1762865012
უკრაინა არის საბრძოლო ლაბორატორია, ხორცსაკეპი ომია და ჩვენ უნდა ვისწავლოთ გაკვეთილები ამჟამინდელი ომიდან, – ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტაკერიმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის დასახმარებლად ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს, რადგან ეს ევროპის ომია.
„გუშინ დავბრუნდი უკრაინიდან. ვხელმძღვანელობდი ნატო-ს ქვეყნების კიდევ შვიდ ელჩის, რათა საკუთარი თვალით გვენახა, როგორ მიდის საქმე ნატო-ელი მოკავშირეებისთვის აშშ-ს იარაღის გაყიდვისა და უკრაინისთვის მიწოდების პროცესში. ვფიქრობ, ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს. ყოველდღიურად ვაიძულებთ ნატო-ში ორი რამ გააკეთონ: უფრო მეტად დაუჭირონ მხარი უკრაინას, ეს უნდა გააკეთონ, ეს ევროპული ომია და ევროპელებმა უნდა დააფინანსონ, და, მეორეა, რომ უფრო სწრაფად უნდა ჩადონ ინვესტიცია საკუთარ თავდაცვასა და უსაფრთხოებაში. ჩვენ ვეხმარებით მათ ამაში, მაგრამ აქვთ სისტემური პრობლემები, რომლებსაც გადაჭრა სჭირდება, მათ შორის თავდაცვის ინდუსტრიულ ბაზაზე მუშაობა და წარმოების გაზრდა“, – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, მეთიუ უიტაკერიმა აღნიშნა, რომ აშშ-ი ყურადღებით აკვირდება რუსეთ-უკრაინის ომს და მისგან გაკვეთილებს სწავლობს, მათ შორის, თუ, როგორ მუშაობს ან არ მუშაობს კონკრეტული იარაღი ბრძოლის ველზე.
„ეს ხორცსაკეპი ომია. არის რამდენიმე რამ, რაც ახლახან დადასტურდა ჩვენი იქ ყოფნით და საკუთარი თვალით დანახვით. პირველ რიგში, უკრაინელი ხალხი ყველაფერს აკეთებს, რაც შეუძლია. მამაცები, გამძლეები და ინოვაციურები არიან. თუმცა, ამ პრობლემის გადაჭრის გზა მშვიდობა უნდა იყოს. ეს ომი უნდა დასრულდეს. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან მკაფიოდ საუბრობდა. ოთხი წელი ომი ძალიან ბევრია და მკვლელობები უნდა შეწყდეს. მეორე რამ, რაც ჩემთვის ნამდვილად აშკარაა, რომ უკრაინა მომავლის საბრძოლო ლაბორატორიაა. ბრძოლის ველზე იარაღი როგორ მუშაობს, არ მუშაობს, უნდა ვისწავლოთ ეს გაკვეთილები, როგორც ალიანსმა ნატო-ში და როგორც შეერთებულმა შტატებმა და დავრწმუნდეთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ კიდევ ერთ ომში ჩავერევით, მზად ვართ თანამედროვე ომისთვის. ახლა კი, უნდა ვისწავლოთ გაკვეთილები ამჟამინდელი ომიდან და უკრაინა არის ეს საბრძოლო ლაბორატორია“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა ნატო-ში.