უიშვიათესი შემთხვევა - პაციენტს ცოფი გადანერგილი თირკმლიდან გადაედო და მოკლა

ოპერაცია

 2025 წლის იანვარში აშშ-ის მიჩიგანის შტატში მცხოვრები პაციენტი ცოფმა იმსხვერპლა. ინფექცია მას ოჰაიოში მდებარე საავადმყოფოში ჩატარებული ქირურგიული ოპერაციის შედეგად დეკემბერში გადაედო, როცა ექიმებმა თირკმელი გადაუნერგეს. მედიკოსებმა დაადგინეს, რომ დონორი ინფიცირებული იყო, შესაბამისად, პათოგენი მისი ორგანოდან გავრცელდა და ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. მისი ვინაობა უცნობია.

მნიშვნელოვანია, რომ ადამიანიდან ადამიანზე ცოფის გადადება ძალიან იშვიათია და ორგანოს ტრანსპლანტაციის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაშია დაფიქსირებული. ეს ძალიან საშიში ვირუსია, რომელიც, როგორც წესი, ცხოველიდან კბენის, გაკაწვრის ან ღია ჭრილობაზე მისი ნერწყვის მოხვედრით ვრცელდება. თუკი ინფექციის სიმპტომები გამოვლენილია, ამას თითქმის ყოველთვის სიკვდილი მოჰყვება. ფიზიოლოგიური ნიშნების გამოჩენას კვირები ან თვეები სჭირდება, მაგრამ თუ ჭრილობა ტვინთან ახლოსაა, ეს უფრო მალე ხდება.

 

ცოფის სიმპტომები თავდაპირველად გრიპისას მოგვაგონებს: მაღალი ტემპერატურა, სისუსტე, თავის ტკივილი. შემდეგ პაციენტს უკვე ნევროლოგიური პრობლემები აღენიშნება, როგორიცაა ჰალუცინაციები, პარალიზი და წყლის შიში, ბოლოს კი — კომა და სიკვდილი. CDC-ის მონაცემებით, სიმპტომების გამოვლენის შემდეგ გადარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20-ზე ნაკლებია. აშშ-ში ცოფით ყოველწლიურად დაახლოებით 10 ადამიანი კვდება და ინფიცირების წყარო უმეტესად ღამურები არიან, ასევე: მელიები, ენოტები და სკუნსები. ამის მიუხედავად, მსოფლიო სტატისტიკა სხვაგვარია, რადგან შემთხვევების 95%-ში გადამდებები ძაღლები არიან.

სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ დონორს ცოფი აიდაჰოში ველური ცხოველისგან გადაედო, სიკვდილამდე 5 კვირით ადრე. მას ამ ვირუსისთვის დამახასიათებელი კონკრეტული სიმპტომები არ ჰქონია, შესაბამისად მსგავსი ჩივილით ექიმებისთვის არ მიუმართავს და არც მომხდარის შესახებ მოუყოლია. ეს მისთვისაც და ორგანოს მიმღები პაციენტისთვისაც ფატალურად დასრულდა, რადგან ცოფის პრევენციის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა. ამის შედეგად ორგანიზმში ვირუსის მიმართ ანტისხეულები გამოიყოფა, რომლებიც მას ეწინააღმდეგება. ცხოველთან კონტაქტის დღეს პირველი აცრისას ცოფის იმუნოგლობულინის ინიექციაც კეთდება, რომელიც დაუყოვნებლივ პასიურ იმუნიტეტს აყალიბებს.

სამედიცინო ლიტერატურაში ტრანსპლანტაციის გზით ცოფის გადადების სულ რამდენიმე შემთხვევაა აღწერილი. 2005 წლის კვლევაშიოთხი ასეთი მაგალითია მოყვანილი, რომელთა მიხედვითაც პაციენტებს ინფექცია დონორების თირკმლიდან, ღვიძლიდან და არტერიიდან გადაედოთ. 2020 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომშიმოთხრობილია 5 წლის ბავშვისა და კიდევ ერთი ადამიანის შესახებ, რომლებიც თირკმლის გადანერგვის შედეგად დაინფიცირდნენ და ცოფს ემსხვერპლნენ.

აღსანიშნავია, რომ მიჩიგანელი პაციენტის დონორისგან სამ სხვადასხვა შტატში ადამიანებს თვალის რქოვანას ქსოვილები გადაუნერგეს. ამ პიროვნების სიკვდილმა ექიმებში ეჭვები გააჩინა, ამიტომ სამივე პიროვნებას ვაქცინაცია ჩაუტარდა და ისინი თავს კარგად გრძნობენ.

უნდა ითქვას, რომ ორგანოებს გამოყენებამდე ტესტირებას უტარებენ და მათ საეჭვო სიმპტომების მქონე ადამიანებისგან არ იღებენ. ამის მიუხედავად, ორგანოთა სკრინინგისას ცოფისა და სხვა იშვიათი ინფექციების გამოვლენას დიდი დრო სჭირდება. ეს პრობლემაა, რადგან ტრანსპლანტაციის რიგში მყოფი პაციენტებისთვის ყოველი წუთი მნიშვნელოვანია და დიდხანს თავად ეს ბიოლოგიური ქსოვილებიც ვერ ძლებს. ასეა თუ ისე, ამ გზით ცოფის გავრცელება ძალიან იშვიათია და არ ნიშნავს, რომ ტრანსპლანტაციას უნდა ავარიდოთ თავი.