თურქეთში სტუდენტებმა ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს

თურქეთი

თურქეთში სტუდენტებმა სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს მხარდასაჭერად მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. სტამბოლსა და ანკარაში აქციას ათასობით სტუდენტი ესწრებოდა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

თურქეთის ოპოზიციურმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის თავის კანდიდატად ეკრემ იმამოღლუ დაასახელა. ამასთან, ოპოზიცია ვადამდელ არჩევნებს ითხოვს.

ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მოიაზრება, 19 მარტს კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. იმამოღლუს დაპატიმრებას თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

აქციებზე თითქმის 2000 ადამიანი, მათ შორის ასობით სტუდენტი დააკავეს.