თურქეთმა ირანიდან მომდინარე საფრთხის ფონზე მალათიას რეგიონში Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა განათავსა

თურქეთი

თურქეთის ხელისუფლებამ ირანიდან მომდინარე საფრთხის ფონზე მალათიას რეგიონში Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა განათავსა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„თურქეთის შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სრულ ძალისხმევას მიმართავს. ჩვენს რეგიონში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე ვიღებთ საჭირო ზომებს ჩვენი საზღვრებისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენ ვაწარმოებთ კონსულტაციებს ნატოსთან და ჩვენს მოკავშირეებთან. ჩვენ მიერ მიღებულ ეროვნულ ზომებთან ერთად, ნატომ ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა გააძლიერა. აღნიშნულის ფარგლებში მალათიაში განთავსდა Patriot-ის სისტემა და ოპერატიული მზადყოფნისთვის ემზადება, რათა დაიცვას ჩვენი საჰაერო სივრცე“, - აღნიშნულია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თურქული მხარის მტკიცებით, ოფიციალური ანკარა, მდგომარეობის შეფასებას გააგრძელებს ნატოსთან და მოკავშირეებთან თანამშრომლობითა და კონსულტაციებით, რათა განამტკიცოს რეგიონული მშვიდობა და სტაბილურობა.