წყალდიდობის დროს აშშ-ში გოგონა სახურავზე დახმარებას 5 საათი ელოდა - მან ძაღლი მარტო არ დატოვა

გოგონა ძაღლით

აშშ-ში, კენტუკის შტატში წყალდიდობის დროს მსოფლიო მედიის ყურადღება 17 წლის გოგონამ მიიპყრო, რომელმაც საკუთარი ოთხფეხა მეგობარი გასაჭირში არ მიატოვა.

როგორც ქლოი ადამსი ჰყვება, სახლში ძაღლთან ერთად იყო, როდესაც გაიღვიძა და უჩვეულო სურათი ნახა - სააბაზანოს სანიაღვრედან და სამზარეულოს ფილებიდან წყლის ძლიერი ნაკადი მოდიოდა.

911 ზარებით იყო გადატვირთული. ამიტომ, გოგომ გადაწყვიტა, თავად ეზრუნა უსაფრთხოებაზე. ძაღლი წყალში საცდელად ჩასვა, რათა ენახა, შეძლებდა თუ არა მასთან ერთად ცურვას, მაგრამ შეშინებულმა ცხოველმა ეს ვერ შეძლო.

გოგომ ის ჯერ პლასტმასის დიდ კონტეინერში ჩასვა, რათა არ დასველებულიყო, კონტეინერი კი ბალიშზე დაამაგრა, რომ წყალში არ ჩაძირულიყო. იგი ძაღლთან ერთად გარეთ არ გავიდა და  დაელოდა, ვიდრე წყლის დონე სხვენამდე აიწეოდა, საიდანაც, სახურავზე ასვლას შეძლებდა.

საბოლოოდ, ორივეს გაუმართლა და წყლის დონე ზუსტად მათი სახლის სახურავთან გაჩერდა.

გოგო და ძაღლი სამაშველოს დაახლოებით 5 საათი ელოდნენ. საბოლოოდ, მეზობლად მცხოვრებმა ბიძაშვილმა სახურავამდე ნავით მიცურა და ისინი საკუთარი სახლის მეორე, დაუტბორავ სართულამდე მიიყვანა.