ცნობილი ადამიანები, რომლებიც მენტალური პრობლემებით იტანჯებიან

მენტალური პრობლემები

ჰოლივუდის ვარსკვლავების გლამურული ცხოვრების, წვეულებებისა და ბედნიერი სახეების მიღმა ხშირად სრულიად განსხვავებული რეალობა იმალება. რიგითი ადამიანების მსგავსად ცნობილ სახეებსაც ხშირად უწევთ ყოველდღიურ პრობლემებთან გამკლავება. არც დეპრესია, შფოთვა და პანიკური შეტევებია მათთვის უცხო.

შეიძლება ბევრისთვის წარმოუდგენელია, მაგრამ ჩვენთვის საყვარელ ეკრანული სახეთა უმეტესობა დიდი ხანია მენტალურ პრობლემებს ებრძვის და არც ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს ერიდება.

ლეონარდო დიკაპრიო

ლეონარდო დიკაპრიო ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავლენიანი მსახიობია. მის გვერდით ყოფნაზე დღეს უამრავი ქალი ოცნებობს. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ „ტიტანიკის“ ლეგენდარული ვარსკვლავი ბავშვობიდან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით იტანჯება.

როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში დიკაპრიო აღნიშნავს, დაავადებისგან გამოწვეულ უსაფუძვლო მღელვარებას და აკვიატებულ აზრებს, სრულფასოვან ცხოვრებაში ხელი ბევრჯერ შეუშლია.

„ბავშვობაში გულწრფელად მჯეროდა, რომ თუ სკოლისკენ მიმავალი, გზაზე დაგდებულ ყველა საღეჭ რეზინას ფეხს არ დავაბიჯებდი ან დერეფნებში 20 ჯერ ზედიზედ არ გავივლიდი რაღაც საშინელება მოხდებოდა. აკვიატებული აზრები თავს არ მანებებდა. ჩემს თავს გამუდმებით ვუმეორებდი, ლეო ეს ყველაფერი მხოლოდ შენი ფიქრებია, შენს გონებაში ხდება და მეტი არაფერი. მაგრამ ამ დროს ნერვული სისტემა ისეა გამოსული წყობიდან, რომ ამ ემოციურ მდგომარეობას ვერაფერს უხერხებ“,- ამბობს მსახიობი.

შფოთვით აშლილობასთან ბრძოლა დიკაპრიოს განსაკუთრებით „ავიატორის“ გადაღებისას გაუჭირდა. ფილმში მსახიობი მილიარდერი პილოტის როლს ასრულებს, რომელიც ლეონარდოს მსგავსად, ობსესიურ-კომპულსიური დარღვევით იტანჯება.

„ეს საშინელება იყო. ვიზაჟისტები და ასისტენტები ისე მოდიოდნენ გადაღებებზე, რომ თავის სამუშაოს ვერ ასრულებდნენ. ჩემს დასაჭერად10 წუთი მაინც სჭირდებოდათ. წინ და უკან დავდიოდი და თან მეგონა, რომ ამ ყველაფერს მე კი არა, სულ სხვა ადამიანი აკეთებდა. თითქოს ის ვიღაც  ჩემს შიგნით იყო.

მებრძოდა და უნდოდა გავენადგურებინე, ამას ხშირად ჭკუიდანაც გადავყავდი. ეს მდგომარეობა ფილმის გადაღებების შემდეგ რამდენიმე თვეს გაგრძელდა და ახლაც გრძელდება. მაგრამ ჩემს თავში ძალა ვიპოვე, ბოლო ენერგია მოვიკრიბე, მასთან ერთად თანაცხოვრება ვისწავლე“,- აღნიშნავს დიკაპრიო.

 

ლედი გაგა

სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა, იგივე ლედი გაგა ფსიქოლოგიურ პრობლემებზე პირველად 2015 წელს ალაპარაკდა.

„არასდროს მითქვამს ეს, მაგრამ ახლა ვამბობ. მთელი ცხოვრება დეპრესიით ვიტანჯებოდი.იყო პერიოდი, როდესაც თვითმკვლელობაზე ყოველდღე ვფიქრობდი. მძულს პოპულარობა, მძულს ეს სტატუსი. რთულია იყო ვარსკვლავი, როდესაც მენტალური პრობლემები გაქვს“,- ამბობდა მსახიობი.

როგორც მომღერალმა აღნიშნა, ის მხოლოდ 19 წლის იყო, როდესაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. მაშინ პატარა გაგა მუსიკალურ კარიერაში პირველ ნაბიჯებს დგამდა.

„ხმის ჩამწერი სტუდიის პროდიუსერი ჩემზე თვეების განმავლობაში ძალადობდა. სტუდიაში ვიყავი გამოკეტილი და ვერაფერს ვაკეთებდი. მემუქრებოდნენ, რომ ყველა ჩემს ჩანაწერს გაანადგურებდნენ.  ალბომი „Chromatica“ სწორედ ამ პერიოდს ეძღვნება.

სიმღერების უმეტესობა ჩემი სულიერი ბრძოლების გამოხატულებაა. ტრეკები – Rain On Me და 911 კი ფსიქოტროპული წამლების მოხმარებას ეხმიანება“,- აღნიშნავს ლედი გაგა.

ადრეულ ასაკში მიღებული ტრავმასთან გასამკლავებლად მუსიკოსს დიდი დრო დასჭირდა. დღეს კი პრობლემებთან ბრძოლაში გაგა სხვებს ეხმარება.

„ბოლო დროს ჩემს თავთან ჰარმონიაში ცხოვრება ვისწავლე, ახლა გაცილებით უკეთ ვარ. ჩემი პირადი ტრავმა დამეხმარა სხვა ადამიანების ტკივილი უფრო ახლოს მიმეტანა გულთან.

მინდა საზოგადოებას ვუთხრა – ნუ შეგეშინდებათ მენტალურ პრობლემებზე ხმამაღლა საუბრის. არ არსებობს გამოუვალი სიტუაციები.

თქვენ უბრალოდ უნდა იპოვოთ ის პატარა იმედის ნაპერწკალი, რომელიც მოტივაციას მოგცემთ. მე ეს შევძელი და თქვენც შეძლებთ“,- ამბობს მომღერალი.

ბიონსე

მენტალურ პრობლემებზე ღიად საუბარს არც ბიონსე ჯისელ ნოულსი ერიდება. მომღერალმა გულშემატკივრებს გაუმხილა, რომ ღრმა დეპრესიაში პირველად ჯგუფ „Destiny’s Child“-ის დაშლის შემდეგ ჩავარდა.

„არაფერს ვჭამდი არ ვჭამდი. ოთახში ვიყავი ჩაკეტილი და გარეთ გამოსვლის სურვილიც არ მქონდა. ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი დღეები იყო. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მარტო ვიყავი. ვფიქრობდი – ვინ ვარ? რას წარმოვადგენ? ვინ არიან ჩემი მეგობრები“,- ამბობს ბიონსე.

ბიონსე ამბობს, რომ ამ შეგრძნებებს დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ებრძვოდა. ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან მუსიკოსს ღრმად სჯეროდა, რომ მას არავინ შეიყვარებდა.

„ფობიებით ვიყავი სავსე. მახსოვს ერთ დღეს დედამ მითხრა: „რატომ გგონია, რომ არავინ შეგიყვარებს? შენ ხომ ჭკვიანი და ლამაზი ხარ. მაშინ მივხვდი, რომ ორი არჩევანი მქონდა – ან ფარ-ხმალი უნდა დამეყარა ან ცხოვრება გამეგრძელებინა. მე მეორე ავირჩიე“,- იხსენებს მომღერალი.

ადელი

სანამ ადელი გულშემატკივრებს ახალი ალბომით, სახელწოდებით „30“ გააოცებდა და განვლილ ტრავმებზე ხმამაღლა ისაუბრებდა, მომღერალი მენტალურ პრობლემებს წლების განმავლობაში ებრძოდა. თავიდან ყველაფერი მშობიარობის შემდგომი დეპრესიით დაიწყო.

„საშინლად ჩავიკეტე. სცენაზე გასვლის წინ პანიკური შეტევები მქონდა. მინდოდა იქიდან გავქცეულიყავი, გავმქრალიყავი და აღარ მეარსება. მაშინ მეჩვენებოდა, რომ ბავშვის გაჩენა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე უარესი გადაწყვეტილება იყო“,- ამბობს მომღერალი.

საზოგადოებისგან მის წონაზე მუდმივმა კრიტიკამ და მეუღლესთან, საიმონ კონეკთან განქორწინებამ კი ის მორალურად იმდენად გატეხა, რომ შოუბიზნესიდან 6 წლით გაქრა.

„ჩემი კარიერის განმავლობაში ჩემს სხეულს მუდმივად ნივთად აღიქვამდნენ. განქორწინებამ საბოლოოდ გამანადგურა. პარალიზებული ვიყავი. საკუთარი თავის კონტროლი აღარ შემეძლო.

ამას დიდი ხნის განმავლობაში ვებრძვოდი და იცით რას მივხვდი? საკუთარი თავის საყრდენი თავად უნდა ვიყო. მყარი სახლი უნდა იყო, რათა შტორმმა ვერ წაგიღოს.

ჩემმა მენტალურმა პრობლემებმა დიდი გავლენა მოახდინა ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. მხოლოდ ფიქრიც კი, რომ შენ კვდები და ამას იჯერებ, განადგურებს. ხუთი წელი ვიტანჯებოდი და ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის დამარცხება, მაგრამ ეს შესაძლებელია. მთავარია სწორად მიუდგე ამ პრობლემას. ყველა ამერიკელს და არა ამერიკელს ვთხოვ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ“,- ამბობს ადელი.