1761594490
წარმოსახვით სახეებზე მეტ ყურადღებას ვამახვილებთ, ვიდრე რეალურზე - კვლევა
თითოეული ჩვენგანი ყოველდღე უცნაურ სახეებს არაერთ საგანში ხედავს — ყავის ჭიქაში, ღრუბლებში თუ სხვა. ეს ტვინის ერთგვარი ხრიკია, რომელსაც პარეიდოლია ჰქვია. ეს უბრალო ილუზია სულაც არაა, არამედ ძლიერი მექანიზმია, რომლის წყალობითაც ჩვენი გონება სამყაროს აღიქვამს.
სურეის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახლახან შეისწავლეს, როგორ იპყრობს ეს ვიზუალური ეფექტი ჩვენს ყურადღებას. ახალი კვლევა აჩვენებს, რომ, არამხოლოდ ნამდვილ, არამედ გამოგონილ სახეებზეც ძლიერად ვრეაგირებთ. მეტიც, წარმოსახვით სახეებზე ყურადღებას ხშირად უფრო დიდხანს ვაჩერებთ. მიგნებების თანახმად, ეფექტი სამომავლოდ რეკლამაშიც კი შეიძლება იქნას გამოყენებული ინტერესის გასაღვივებლად.
კვლევის ფარგლებში შეისწავლეს, როგორ იცვლება ჩვენი ფოკუსი ორ სიტუაციაში: როდესაც ადამიანი სხვა სახეს არ უყურებს (მზერის გადატანა) და როდესაც ვუყურებთ საგნებს, რომლებიც სახეს გვაგონებს (პარეიდოლია).
გუნდმა ოთხი ექსპერიმენტი ჩაატარა. მათში სულ 54 მოხალისე მონაწილეობდა. აკვირდებოდნენ, როგორ იცვლებოდა მონაწილეთა ყურადღება სხვა სუბიექტის მზერის მიმართულების მიხედვით. აღმოჩნდა, რომ ყურადღება იცვლებოდა როგორც მზერის გადატანისას, ასევე სახის მსგავსი ნიმუშების აღქმისას.
ტვინი ამ სიგნალებს სხვადასხვანაირად ამუშავებს. ნამდვილი სახეების შემთხვევაში ჩვენი ყურადღება ძირითადად თვალებისა და მზერის მიმართულებისკენ არის მიპყრობილი. მეორე მხრივ, პარეიდოლიის შემთხვევაში "სახის" სქემას აღვიქვამთ, მათ შორის თვალის მსგავსი დეტალების მდებარეობასაც. შედეგად ფოკუსი უფრო ძლიერი და ხანგრძლივია.
„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ რეალური სახეებიდან გადატანილმა მზერამაც და ობიექტებში აღქმულმა სახეებმაც შეიძლება მიგვითითოს, საით გავიხედოთ. ეს ორივე შემთხვევაში სხვადასხვანაირად ხდება. ნამდვილი სახეების ყურებისას ყურადღებას კონკრეტულ დეტალებს (მაგალითად, მზერის მიმართულებას) ვაქცევთ. წარმოსახვითის შემთხვევაში მთლიან ფორმასა და თვალის მსგავსი ნაწილების მდებარეობას ვუყურებთ. ამ დროს ჩვენი ყურადღება მისკენ უფრო მეტადაა მიმართული, ვიდრე ნამდვილი სახისკენ", — განაცხადა დოქტორმა დი ფუმ, სურეის უნივერსიტეტის კოგნიტიური ნეირომეცნიერების ლექტორმა.
კვლევის შედეგებს შეიძლება პრაქტიკული მნიშვნელობაც ჰქონდეს, რომელიც მხოლოდ ტვინის მუშაობის უკეთ გაგებას სცდება.
„ჩვენი აღმოჩენები შეიძლება პრაქტიკულ სფეროებშიც გამოდგეს, განსაკუთრებით პროდუქტის რეკლამირებაში. რეკლამების ავტორებს შეუძლიათ, სახესთან მიმსგავსებული კომპოზიციები გამოიყენონ, რათა მომხმარებლის ყურადღება მეტად მიიპყრონ და უფრო ძლიერი შთაბეჭდილება დატოვონ", - დაამატა მეცნიერმა.










