1746988990
"წარმოიდგინეთ ასობით ათასი სიცოცხლე, რომელიც გადარჩება, როდესაც ეს დაუსრულებელი სისხლისღვრა იმედია დასრულდება, მე განვაგრძობ მუშაობას ორივე მხარესთან, დიდი კვირა გველის წინ" - ტრამპი

მოსკოვის პასუხი, ევროპას - ლიდერების შეთავაზებას ვლადიმერ პუტინი ეხმაურება და კიევს პირდაპირ, მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს. 2022 წლის შემდეგ პირველად, შეხვედრის ადგილი ისევ სტამბოლი, მაგიდაზე კი ისევ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დოკუმენტია.
თემაზე განცხადებას აკეთებს რუსეთის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ ახლა დროა მხარეები კვლავ დაუბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდას და ის ამ კუთხით სთავაზობს კიდეც კონკრეტულ ლოკაციასა და დროს ომში მყოფ ქვეყანას. ვლადიმერ პუტინის თქმით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ქვეყანას, რომელსაც აქვს სურვილი, რომ ევროპის კონტინენტზე ომი დაასრულოს, შეუძლია 15 მაისს ჩავიდეს სტამბოლში და შეუერთდეს იმ მოლაპარაკებებს, რომელსაც რუსეთი ოფიციალურ კიევთან გამართავს.
პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პუტინმა უკვე აცნობა ოფიციალურ თურქეთსაც. საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით სხვადასხვა მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ანკარა მზაობას გამოთქვამს რუსეთ-უკრაინის ომში მხარეებს შორის შუამავლობისთვის.
მსოფლიოს ლიდერები, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატები რომ უკრაინაში ომის დასრულებას დიდი ხანია ცდილობს, ეს მოულოდნელობა არავისთვის არის. დონალდ ტრამპმა სოციალური ქსელით გაავრცელა მისი პოზიცია რუსეთის პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით - აშშ-ს 47-ე პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს არის ძალიან კარგი ამბავი, პოზიტიური მოვლენა მოლაპარაკების პროცესში და ასევე, ხაზს უსვამს იმ ფაქტსაც, რომ მომდევნო კვირა საკმაოდ მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იქნება ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებების კუთხით.
"პოტენციურად დიდი დღე რუსეთისა და უკრაინისთვის! წარმოიდგინეთ, ასობით ათასი სიცოცხლე, რომელიც გადარჩება, როდესაც ეს დაუსრულებელი "სისხლისღვრა" იმედია დასრულდება. ეს იქნება სრულიად ახალი და გაცილებით უკეთესი სამყარო. მე განვაგრძობ მუშაობას ორივე მხარესთან, რათა დარწმუნებული ვიყო, რომ ეს მოხდება. აშშ-ს სურს ფოკუსირდეს ურთიერთობის აღდგენასა და ვაჭრობაზე. დიდი კვირა გველის წინ!" - აცხადებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.