„ცაჰალის“ გენერალური შტაბის უფროსი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ზამირი

ისრაელის თავდაცვითი ძალების („ცაჰალი“) გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ისრაელი „ირანის ტერორისტული რეჟიმის შესაძლებლობების გასანადგურებლად მნიშვნელოვანი, ბედისწერის განმსაზღვრელი და უპრეცედენტო კამპანიის“ წინაშე დგას.

„ისრაელის თავდაცვითმა ძალებმა, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალებთან ერთად, დაიწყეს დარტყმები ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე. ჩვენ სრულ მზადყოფნაში ვართ, როგორც თავდაცვის, ასევე თავდასხმის კუთხით. ჩვენ წინაშეა მნიშვნელოვანი, გარდამტეხი და უპრეცედენტო კამპანია ირანის ტერორისტული რეჟიმის შესაძლებლობების გასანადგურებლად - იმ შესაძლებლობების, რომლებიც მუდმივ ეგზისტენციალურ საფრთხეს უქმნის ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებას“, - აცხადებს ზამირი.

მისივე თქმით, ეს ოპერაცია „უზრუნველყოფს ჩვენს არსებობასა და ჩვენს მომავალს აქ“.

ზამირი აცხადებს, რომ 2025 წლის ივნისში ირანის წინააღმდეგ წარმოებული 12-დღიანი ომის განმავლობაში, სამხედრო ძალებმა „შეაფერხეს და უკან დახიეს ბირთვული პროექტი, დაარტყეს ბალისტიკური რაკეტების სისტემას და ძირი გამოუთხარეს გეგმას, რომელიც ირანის რეჟიმმა თავის რეგიონულ პარტნიორებთან ერთად ისრაელის სახელმწიფოს გასანადგურებლად შეიმუშავა“.

მისი თქმით, ივნისის ოპერაციამ „დაამტკიცა, რომ ეს რეჟიმი მოწყვლადია. ჩვენ შევარყიეთ მისი შიდა სტაბილურობა და პირველად ისტორიაში, აშშ-ის სამხედრო ძალებთან ერთად შევქმენით ისტორიული თანამშრომლობა, რომლის დროსაც ამერიკულმა თვითმფრინავებმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს ირანის ბირთვულ ობიექტებს“.