ტრამპს ომის დასრულების საკუთარი ვერსია აქვს, ამერიკელებს სურთ კომპრომისი, მაგრამ როცა საქმე ტერიტორიებს ეხება, კომპრომისი არ არსებობს - ზელენსკი

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიების დათმობა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ არ განიხილება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინა ასევე არ განიხილავს ტერიტორიების გადაცემას რუსეთისთვის, რადგან ამის საშუალებას არ იძლევა არც ქვეყნის კანონმდებლობა, არც საერთაშორისო სამართალი და არც მორალური პრინციპები.

„განვიხილავთ თუ არა საკითხს ტერიტორიების გადაცემის შესახებ? ჩვენ კანონით არ გვაქვს არანაირი უფლება, უკრაინის კანონით, ჩვენი კონსტიტუციით, საერთაშორისო სამართლით, გულწრფელად რომ ვთქვათ. მორალური უფლებაც არ გვაქვს. უდავოდ, რუსეთი მოითხოვს, რომ ტერიტორიები გადავცეთ. ჩვენ, უდავოდ, არაფრის გადაცემა არ გვინდა. სწორედ ამისთვის ვიბრძვით“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

ზელენსკის განცხადებით, აშშ-სა და უკრაინის ხედვა ომის დასასრულებლად განსხვავდება ერთმანეთისგან.

„დონალდ ტრამპს საკუთარი ვერსია აქვს იმის, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი, რომელიც განსხვავდება უკრაინულისგან“, – თქვა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ აშშ ახლა ეძებს ისეთ გზებს, რომლებიც მოაგვარებს ამ სიტუაციას და მხარეებს კომპრომისის მიღწევაში დაეხმარება.

უკრაინის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სამშვიდობო გეგმის პუნქტები 28-დან 20-მდე შემცირდა.

„ამერიკელებს სურთ კომპრომისის პოვნა, მაგრამ როდესაც საქმე ტერიტორიებს ეხება, კომპრომისი არ არსებობს“, – თქვა ზელენსკიმ.

რაც შეეხება უკრაინისთვის ამერიკის მიერ იარაღის მიწოდებას, ზელენსკი აღნიშნავს, რომ ამერიკელები განაგრძობენ იარაღის მიწოდებას უკრაინისთვის.

„ისინი ამით ფულს შოულობენ და ეს შეესაბამება მათ დღევანდელ პოლიტიკას“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.