ტრამპმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების მემორანდუმს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს ავალებს, გამოიძიონ ის ორგანიზაციები და პირები, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ ძალადობასა და დაშინებაში

tetri saxli

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების საპრეზიდენტო მემორანდუმს, რომელიც ადგენს ყოვლისმომცველ სტრატეგიას ორგანიზებული პოლიტიკური ძალადობისა და შიდა ტერორიზმის ყველა ეტაპის გამოძიების, აღკვეთისა და აღმოფხვრის მიზნით. ინფორმაციას ამის შესახებ თეთრი სახლი ავრცელებს.

ეროვნული უსაფრთხოების საპრეზიდენტო მემორანდუმი ავალებს გამოძიების ფედერალური ბიუროს ტერორიზმთან ბრძოლის გაერთიანებულ სამუშაო ჯგუფებს, მოახდინონ ეროვნული სტრატეგიის კოორდინაცია, რათა გამოიძიონ, სისხლისსამართლებრივად დევნონ და აღკვეთონ ის ორგანიზაციები და პირები, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ ძალადობასა და დაშინებაში.

„აშშ-ში პოლიტიკური ძალადობის ზრდა შემთხვევითი არ არის, არამედ წარმოადგენს მიზანმიმართული დაშინებისა და ძალადობის დახვეწილი, ორგანიზებული კამპანიების ნაწილს, რაც მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოების ახალ სტრატეგიას. [...] ამ ძალადობის აღსაკვეთად და ეროვნული უსაფრთხოებისთვის ამ საფრთხის სრულად მოსაგვარებლად, საჭიროა სამართალდამცავი ორგანოების ახალი სტრატეგია, რომელიც გამოიძიებს ამ კრიმინალურ და ტერორისტულ შეთქმულებებში ყველა მონაწილეს, მათ შორის მათ უკან მდგარ ორგანიზებულ სტრუქტურებს, ქსელებს, ერთეულებს, ორგანიზაციებს, დაფინანსების წყაროებსა და წინარე ქმედებებს.“, - ნათქვამია დოკუმენტში.