ტრამპმა ჩინეთის მიერ იშვიათ მიწათა ელემენტებზე ექსპორტის კონტროლის დაწესება მკაცრად დაგმო, მას „მტრული ნაბიჯი“ უწოდა და ვაშინგტონის მხრიდან საპასუხო ზომებით დაიმუქრა

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთის მიერ იშვიათ მიწათა ელემენტებზე ექსპორტის კონტროლის დაწესება მკაცრად დაგმო, მას „მტრული ნაბიჯი“ უწოდა და ვაშინგტონის მხრიდან საპასუხო ზომებით დაიმუქრა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩინეთი მთელ მსოფლიოს უგზავნის წერილებს ექსპორტის კონტროლის დაწესების სურვილის შესახებ, რაც იშვიათ მიწათა დაკავშირებული პროდუქციის თითქმის ყველა ელემენტს მოიცავს.

„ჩინეთში ძალიან უცნაური ამბები ხდება! ისინი უკიდურესად მტრულად განეწყობიან და წერილებს უგზავნიან მსოფლიოს ქვეყნებს იმის შესახებ, რომ სურთ შემოიღონ ექსპორტის კონტროლი, პრაქტიკულად ყველაფერზე, რისი წარმოდგენაც კი შეუძლიათ, მაშინაც კი, თუ ეს ჩინეთში არ არის წარმოებული“, - წერს ტრამპი.

ტრამპის განცხადებით, ეს ნაბიჯი არსებითად „დაახშობს“ ბაზრებს და ცხოვრებას გაურთულებს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას.

მან ასევე აღნიშნა, რომ ჩინეთი, როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა მსოფლიოს „მძევლად აყვანას“, იშვიათ მიწათა ელემენტებზე, განსაკუთრებით კი მაგნიტებზე მონოპოლიური პოზიციის შექმნით.

„ჩვენთან დაკავშირება სხვა ქვეყნებმაც სცადეს, რომლებიც უკიდურესად გაბრაზებულნი არიან ამ დიდ სავაჭრო მტრობაზე, რომელიც მოულოდნელად გაჩნდა. ჩინეთს არ უნდა მიეცეს უფლება, რომ მსოფლიო „ტყვედ“ ჰყავდეს, მაგრამ ეს დიდი ხანია მათი გეგმა იყო, დაწყებული „მაგნიტებით“ და სხვა ელემენტებით, რომლებიც ჩუმად მოიპოვეს და მონოპოლიურ პოზიციამდე მიიყვანეს, რაც, რბილად რომ ვთქვათ, საკმაოდ ბოროტი და მტრული ნაბიჯია“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა ასევე მიუთითა, რომ ჩინეთის გადაწყვეტილების გამო, გაუქმდება მისი დაგეგმილი შეხვედრა ჩინეთის ლიდერთან, სი ძინპინთან APEC-ის სამიტზე სამხრეთ კორეაში, რომელიც უახლოეს კვირებში უნდა გამართულიყო.

„მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, იძულებული ვიქნები, ფინანსურად ვუპასუხო მათ ნაბიჯს“, - აღნიშნა ტრამპმა.