1751399667
ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს სანქციები დაუწესა.
ვაშინგტონმა სანქციები დაუწესა სოლომი ბალუნგი ბოსას, ლუს დელ კარმენ იბანიეს კარანსას, რეინე ადელაიდა სოფი ალაპინი განსუსა და ბეტი ჰოლერს.
„როგორც ჰააგის სასამართლოს მოსამართლეები, ეს ოთხი პირი აქტიურად იყო ჩართული ჰააგის სასამართლოს უკანონო და უსაფუძვლო ქმედებებში აშშ-ისა თუ ჩვენი მოკავშირე ისრაელის წინააღმდეგ. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პოლიტიზებულია და ამტკიცებს, რომ უფლება აქვს, გამოიძიოს, წარუდგინოს ბრალდება და დასაჯოს შეერთებული შტატებისა და ჩვენი მოკავშირეების მოქალაქეები“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
რუბიოს თქმით, ალაპინი განსუმ და ბეტი ჰოლერმა მიიღეს გადაწყვეტილება ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იოავ გალანტის დაკავების ორდერის ავტორიზაციის შესახებ.
ჰააგის სასამართლომ გააკრიტიკა ტრამპის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი და განაცხადა, რომ ეს არის მცდელობა, ხელი შეუშალონ საერთაშორისო სასამართლო დაწესებულების დამოუკიდებლობას, რომელიც იმედს აძლევს მილიონობით მსხვერპლს.