ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გაარღვია ჩიხი, მათ დაიწყეს მოლაპარაკებები და ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა - მარკ რუტე

მარკ რუტე

ტრამპის ადმინისტრაციამ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გაარღვია ჩიხი, მათ დაიწყეს მოლაპარაკებები და ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ალიანსის მინისტერიალის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამერიკულმა ადმინისტრაციამ, პრეზიდენტმა ტრამპმა გაარღვია ჩიხი, მათ დაიწყეს მოლაპარაკებები, ეს ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან დაჟინებული და ამავე დროს, ძალიან ნაფიქრი გზით გააკეთეს. ეს ნიშნავს, რომ ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. ჩვენ უნდა ვნახოთ, რა მოხდება. არ მინდა ჩავერიო ამ მოლაპარაკებებში, ჩემი კომენტარებით ბრიუსელიდან, რომლებსაც შემდგომ მათ უნდა უპასუხონ. ჩვენ ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამ ეტაპზე, უნდა ვთქვა, რომ ჩემთვის შთამბეჭდავია, თუ როგორ აწარმოებენ ამერიკელები ამ მოლაპარაკებებს და ასევე ის ფაქტი, რომ ინარჩუნებენ ევროპელების და უკრაინის ჩართულობას. განსაკუთრებით უკრაინის, ისინი ძალიან ჩართულები არიან ამაში, რადგან მათი ქვეყანაა, თუმცა ასევე ევროპელები არიან ინფორმირებულები, თუ რას აკეთებენ და რა ხდება“, – თქვა მარკ რუტემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა მინისტერიალზე აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსგან აშშ-ის მხრიდან ნატო-სადმი ერთგულების მკაფიო გზავნილი მოისმინეს.

„მოკავშირეებმა მოისმინეს ძალიან მკაფიო გზავნილი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, ნატო-სადმი შეერთებული შტატების ერთგულების შესახებ და ასევე ძალიან მკაფიო მოლოდინი, რომ ევროპამ და კანადამ უნდა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა ჩვენს საერთო უსაფრთხოებაზე, გააგრძელონ თავდაცვის ხარჯების გაზრდა. ორდღიანი დისკუსიების კონსენსუსი მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო საშიში ხდება მსოფლიო, ჩვენ უფრო მეტად გვჭირდება ნატო, ვიდრე ოდესმე. ჩვენ ერთიანი ვართ ამ ალიანსში ერთმანეთის მიმართ ერთგულებაში. ეს ერთგულება არ არის მხოლოდ პრინციპული – საერთო ღირებულებებსა და საერთო ისტორიაზე დაფუძნებული. ის ღრმად პრაქტიკულია. ჩვენი უსაფრთხოების წინაშე რეალური საფრთხეები დგას, ყველაზე პირდაპირი რუსეთიდან, თუმცა ასევე სხვებისგან, სახელმწიფო და არასახელმწიფო აქტორებისგან. უკიდურეს ჩრდილოეთში, სამხრეთში, აღმოსავლეთ ფლანგზე, კიბერსივრცეში. ამ გამოწვევების წინაშე არ უნდა ვიყოთ, უნდა უზრუნველვყოთ, რომ გვაქვს აგრესიის შესაკავებლად და საკუთარი თავის დასაცავად საჭირო ძალები და შესაძლებლობები“, – განაცხადა მარკ რუტემ.