ტრამპის ადმინისტრაცია 13 მილიონი დოლარის ღირებულების ქალის კონტრაცეპტივების დაწვას აპირებს - ნახეთ მიზეზი

კონტრაცეპტივები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დაახლოებით, 13,2 მილიონი დოლარის ღირებულების ქალის კონტრაცეპტივების დაწვას გეგმავს, მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ მათი მიღება უსასყიდლოდ შესთავაზა. ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.

საქონელი, რომელიც შობადობის კონტროლის სხვადასხვა ფორმებს მოიცავს, შემოსავლების დაბალი დონის მქონე აფრიკულ ქვეყნებში ოჯახის დაგეგმვისთვის იყო გათვალისწინებული.

მედიის ცნობით, ახლა კონტრაცეპტივები ბელგიაში მდებარე ერთ-ერთ საწყობში ინახება იმის გამო, რომ იანვარში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ საგარეო დახმარების გაცემა შეაჩერა.

რეპროდუქციული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ MSI Reproductive Choise-მა, რომლის შტაბ-ბინა დიდ ბრიტანეთში მდებარეობს, ამერიკულ მხარეს შესთავაზა, რომ კონტრაცეპტივები მისთვის გადაეცა, რათა შემდგომში მას ღარიბი მოსახლეობისთვის დაერიგებინა, თუმცა ეს წინადადება უარყოფილი იქნა.

„ჩემთვის ეს მკაფიო ნიშანია იმისა, რომ საქმე გვაქვს იდეოლოგიურ გადაწყვეტასთან“, - თქვა ორგანიზაციის დირექტორმა, სარა შოუმ. „ეს ქალების წინააღმდეგ მიმართული მორიგი ომის ფრონტის ხაზია, რომელსაც ჩვენ ახლა ვუყურებთ როგორც აშშ-ის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე“.

შოუს მტკიცებით, მის ორგანიზაციას შუამავლის მეშვეობით აცნობეს, რომ ამერიკის მთავრობა კონტრაცეპტივების გაყიდვას საბაზრო ფასად აპირებს, რის სახსრებიც MSI Reproductive Choise-ს არ აქვს.

სააგენტო Reuters-ი, თავის მხრივ, აღნიშნავს, რომ გაეროს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სააგენტომ ამერიკის ადმინისტრაციას კონტრაცეპტივების გამოსყიდვა შესთავაზა, თუმცა ეს წინადადება უარყოფილ იქნა.