ტრამპი საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად ვაშინგტონის შემდეგ ეროვნული გვარდიის გაგზავნას ჩიკაგოში გეგმავს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად და დანაშაულთან ბრძოლის მიზნით ვაშინგტონის შემდეგ ეროვნული გვარდიის გაგზავნას ჩიკაგოში გეგმავს.

დონალდ ტრამპის თქმით, მის ამ გეგმას ვინც არ ემხრობა, ყველა დაფინანსებული რადიკალი მემარცხენეა. პრეზიდენტი აცხადებს, რომ აქტივისტები, რომლებიც არეულობებისა და ამბოხების მოწყობას ცდილობენ, ისეთი ხალხის მიერ ფინანსდებიან, როგორიც ჯორჯ სოროსია.

„მიმტკიცებენ, რომ ქალაქებში ჯარის გამოყვანის უფლება არ მაქვს. ხალხი კი სხვაგვარად ფიქრობს. იმ ქალაქებში, სადაც ხალხს სცემენ, ესვრიან ან აუპატიურებენ, სამხედროების გამოჩენა ახარებთ. ეს მხოლოდ დაფინანსებულ რადიკალებს არ მოსწონთ. ამ მეამბოხეთა უმრავლესობა ფულს იღებს სოროსისგან ან სხვა რადიკალი მემარცხენეებისგან“, - აღნიშნა ტრამპმა.