1783972020
ტრამპი: „დიფ სთეითს“ არასდროს სძინავს
„დიფ სთეითს“ არასდროს სძინავს, - ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკულ გამოცემა The Epoch Times-ში გამოქვეყნებულ სტატიას სათაურით „ნუ აურევთ მაცნეს გზავნილში: ტრამპის ინტელექტის საკითხის შესახებ“.
სტატიის ავტორი, დოქტორი ფილიპ მაკგროუ აღნიშნავს, რომ „ამერიკულ პოლიტიკურ დისკურსში არსებობს ერთგვარი თავისებური რიტუალი, რომელიც უფრო მეტს ამბობს თავდამსხმელზე, ვიდრე იმ ადამიანზე, ვისზეც შეტევა ხორციელდება. როდესაც დღის წესრიგით მოტივირებული არგუმენტები ფუძეშივე მარცხდება, კრიტიკოსები ხშირად იცვლიან სტრატეგიას და „ბოლო თავშესაფარს“ - პიროვნულ შეურაცხყოფას მიმართავენ“.
მაკგროუ თავის ვრცელ კომენტარში სწორედ ამ ფენომენს განიხილავს და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კოგნიტიურ შესაძლებლობებსა და ინტელექტთან დაკავშირებულ ბრალდებებს პასუხობს.
მაკგროუ ყურადღებას ამახვილებს ფაქტებზე - პრეზიდენტმა ტრამპმა მონრეალის კოგნიტიური შეფასების (MoCA) ტესტი, სულ მცირე, სამჯერ გაიარა და ყოველ ჯერზე მაქსიმალური - 30-დან 30 ქულა დააგროვა. 2025 წლის აპრილში „უოლტერ რიდის“ სამხედრო-სამედიცინო ცენტრში ჩატარებულმა ყოვლისმომცველმა ნევროლოგიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ პრეზიდენტის გონებრივი და ფიზიკური მდგომარეობა აბსოლუტურად ჯანსაღია.
„ეს არ არის ზღვრული შედეგი. ეს არის ნევროლოგიური ჯანმრთელობის ოფიციალური დადასტურება, რომელსაც არანაირი დამატებითი კითხვის ნიშანი არ ახლავს“, - წერს ავტორი.












