ტრამპი აცხადებს, რომ ინდოეთმა რუსული ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა, რის გამოც მათთვის ტარიფების შემცირებას გეგმავს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ინდოეთისთვის ტარიფების შემცირებას გეგმავს, რადგან, ტრამპის თქმით, ქვეყანამ რუსული ნავთობის იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა.

აღნიშნულის შესახებ დონალდ ტრამპმა აშშ-ში ინდოეთის ახალი ელჩის ფიცის დადების ცერემონიაზე განაცხადა.

„მათ შესყიდვები შეაჩერეს და იმპორტი მნიშვნელოვნად შეამცირეს. ამიტომ, დიახ, ჩვენ ტარიფების შემცირებას ვგეგმავთ“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპს არ დაუკონკრეტებია, რა სახის შემცირებაზეა საუბარი. დონალდ ტრამპის თქმით,  ტარიფების შემცირება „გარკვეულ მომენტში“ მოხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ამჟამად ინდოეთის საქონელზე მაღალი ტარიფი – 50% აქვს დაწესებული. ტრამპმა ქვეყანას ტარიფები 25%-დან 50%-მდე, სავაჭრო უთანხმოების ფონზე, კერძოდ, რუსული ნავთობის შესყიდვების საპასუხოდ გაუზარდა და აღნიშნა, რომ ნავთობის შემოსავლები ომს აფინანსებს. აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების ცვლილება ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის განცხადებას უკავშირდება. ნარენდრა მოდიმ აღნიშნა, რომ რუსულ ნავთობს აღარ იყიდდა. ტრამპის თქმით, აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ნიუ დელი „მნიშვნელოვანი“ ტარიფების გადახდას გააგრძელებდა.