თინა კანდელაკი განმარტავს, რატომ წერს საქართველოზე იშვიათად

იდიოტი

ხშირად მეკითხებიან, რატომ ვწერ იშვიათად ჩემს მშობლიურ საქართველოზე. ცუდზე დაწერა არ მინდოდა და არცერთი კარგი ამბავი არ ყოფილა ბოლო წლებში. ან გავრილოვის პარლამენტში არასწორ სკამზე დასმა, ან პოზნერის დაბადების დღის ჩაშლა. აღსანიშნავია, რომ ყოველი ასეთი ინციდენტის უკან სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტია იდგა, რომლის ამომრჩეველი ყოველწლიურად იკლებს, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას, - ამის შესახებ კრემლის პროპაგანდისტი თინა კანდელაკი სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობის გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა. ბოლო მოვლენების კონტექსტში უკრაინელმა ტექნოლოგებმა რამდენჯერმე სცადეს ე.წ. „ქართული ბარათის" გატეხვა. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა მოითხოვეს, რომ საქართველომ გახსნას „მეორე ფრონტი" აფხაზეთსა და სამაჩაბლოში და დაეწესებინა გარკვეული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ცნობილმა უკრაინელმა პროპაგანდისტმა არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი უყოყმანოდ დაუჭერს მხარს მოძმე უკრაინას, მათ შორის სამხედრო გზით. ეტყობა, ბატონ არესტოვიჩს დაავიწყდა, რომ ქართველები 10 წლის წინ დაემშვიდობნენ მიშას და გასტროლებზე „მოედანზე" გაგზავნეს.

მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ მტკიცე პოზიცია გამოავლინა საქართველოს ტერიტორიული პრობლემების სამხედრო გზით გადაჭრის შეუძლებლობასთან დაკავშირებით და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ფეხში გასროლა უწოდა.

ასევე, მიუხედავად გლობალური მასობრივი ფსიქოზისა, რომელსაც ვხედავთ პოლონეთში, ბალტიისპირეთსა და სხვა ქვეყნებში, გამარჯვების დღე წელს ძალიან თბილად და სწორად აღინიშნა საქართველოში: მემორიალისა და ვეტერანთა პარკების აღდგენა, ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობის შეხვედრა ვეტერანებთან. სახელმწიფო დახმარებები ვეტერანებისთვის და მრავალი სხვა.

რაც არ უნდა ეცადონ დასავლელი პარტნიორები ერთიანი საბჭოთა ხალხის დიდი ღვაწლის მეხსიერების წაშლას საქართველოში, ეს შეუძლებელია. საქართველოს მოსახლეობის 1/5 (700 ათასი კაცი) 1941 წელს ფრონტზე წავიდა, ნახევარზე ცოტა მეტი კი ცოცხალი დაბრუნდა. საბჭოთა კავშირის გმირის წოდება 164 ქართველ ჯარისკაცს მიენიჭა. რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა რუსმა ეგოროვმა და ქართველმა ქანთარიამ ერთად აღმართეს. საბოლოოდ, გამარჯვებული ქვეყნის უმაღლეს ხელმძღვანელობაში ქართველები იყვნენ - ჯუღაშვილი და ბერია.

ამის ხსოვნა უნდა იყოს სანუკვარი არა მარტო საქართველოში, არამედ რუსეთშიც. ამას ვერც ერთი სააკაშვილი ვერ შეუშლის ხელს. სააკაშვილი უკვე დიდი ხანია მივიწყებულ წარსულშია. რევაზ ჩხეიძის დიდებული საბჭოთა ფილმი „ჯარისკაცის მამა", რომელიც ჩემზე უკეთ აგიხსნის, რამდენად მნიშვნელოვანია კაცობრიობის ისტორიაში ფაშიზმზე, მთავარ ბოროტებაზე გამარჯვება.

იმედი მაქვს, რომ ამ დადებით სიგნალებს საქართველოდან მარტო მე არ ვხედავ, არამედ ჩანს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროშიც.

დიახ, ქვეყნებს შორის ურთიერთობა ადვილი არ არის. არის ბევრი გადაუჭრელი საკითხი. მაგრამ ვფიქრობ, რომ დადგა დრო, ვიმეგობროთ, ან ამ მიმართულებით მოძრაობა მაინც დავიწყოთ. ურთიერთობების ნორმალიზაციის პირველი ნაბიჯი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება.

ცნობისთვის დავამატებ: რუსებს არ სჭირდებათ ვიზა საქართველოს მოსანახულებლად;საქართველოს მოქალაქეების რუსეთში შესვლა თითქმის შეუძლებელია; საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ჩვენი წინაპრები კუბოში გადატრიალდებოდნენ, რომ იცოდნენ, ქართველებს მოსკოვში არ უშვებენ, ხოლო ბერლინში – კი ბატონო…“ - წერს თინა კანდელაკი.