1775159088
TIME: ტრამპი ეძებს გზას გამარჯვების გამოსაცხადებლად და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, იმ იმედით, რომ ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდება მანამ, სანამ პოლიტიკური ზიანი შეუქცევადი გახდება
დონალდ ტრამპი ოვალურ კაბინეტში იმყოფებოდა ირანის ომის მესამე კვირას, როდესაც მისი ყველაზე სანდო მრჩევლების ჯგუფი არასასიამოვნო ამბის მისატანად მივიდა - მისი დიდი ხნის სოციოლოგი, ტონი ფაბრიციო ატარებდა კვლევებს, რომლებიც მიუთითებდა, რომ ტრამპის მიერ წამოწყებული ომი სულ უფრო არაპოპულარული ხდებოდა, - წერსამერიკული ჟურნალი TIME-ი სტატიაში სათაურით „ტრამპის მიერ ირანის ომიდან გამოსავლის ძიების შიდა სამზარეულო“.
ბენზინის ფასი ერთ გალონზე 4 დოლარს გასცდა, საფონდო ბირჟები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა, ხოლო მილიონობით ამერიკელი ქუჩაში საპროტესტოდ გამოსასვლელად ემზადებოდა. დადასტურდა ცამეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა. ტრამპის ზოგიერთი მხარდამჭერიც კი აკრიტიკებდა კონფლიქტს, რომლის დასასრულიც არ ჩანდა.
თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, სუზი უაილსს და თანაშემწეთა მცირე ჯგუფს ხვდა წილად მისია, პრეზიდენტისთვის ეთქვათ, რომ რაც უფრო დიდხანს გაიწელებოდა ომი, მით მეტად დაემუქრებოდა საფრთხე მის რეიტინგსა და „რესპუბლიკელების“ პერსპექტივებს ნოემბრის შუალედურ არჩევნებში.
ტრამპისთვის ეს მკაცრი გაფრთხილება შემაშფოთებელი აღმოჩნდა. ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის თქმით, ბოლო დროს პრეზიდენტი დილას იწყებდა სამხედრო პირების მიერ მომზადებული იმ ვიდეოების ყურებით, რომლებშიც ბრძოლის ველზე მიღწეული წარმატებები იყო ასახული. იგი მრჩევლებს ეუბნებოდა, რომ მთავარსარდლის როლში ირანისგან მომავალი ბირთვული საფრთხის აღმოფხვრა მისი მმართველობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა იქნებოდა.
თუმცა, თეთრი სახლის ორი წყაროს თანახმად, უაილსი შეშფოთებული იყო იმით, რომ თანაშემწეები პრეზიდენტს ქვეყნის შიგნით ომის აღქმასთან დაკავშირებით ზედმეტად ოპტიმისტურ სურათს უხატავდნენ და ეუბნებოდნენ იმას, რისი მოსმენაც მას სურდა და არა იმას, რაც უნდა სცოდნოდა. ოფიციალური პირების თქმით, მან კოლეგებს მოუწოდა, „უფრო გულწრფელები ყოფილიყვნენ უფროსთან“ პოლიტიკური და ეკონომიკური რისკების შესახებ.
პრეზიდენტი შექმნილმა მძიმე ვითარებამ იმედგაცრუებული დატოვა; იგი საკუთარი ადმინისტრაციის ზოგიერთ მაღალჩინოსანს დაუპირისპირდა და განრისხებული იყო ომის შესახებ შექმნილი ნეგატიური შთაბეჭდილებების გამო. მზარდმა პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა ზარალმა იგი გამოსავლის ძიების წინაშე დააყენა - ამას ადასტურებს ორი მრჩეველი და კონგრესის ორი წევრი, რომლებიც მას გასული კვირის განმავლობაში ესაუბრნენ.
ტრამპმა მათ განუცხადა, რომ კამპანიის დასრულება სურს, რადგან უფრთხის გაჭიანურებულ კონფლიქტს, რომელმაც შესაძლოა „რესპუბლიკელების“ პოზიციები შუალედური არჩევნების წინ შეასუსტოს.
ამავდროულად, მას სურს, რომ ოპერაცია გადამწყვეტი წარმატებით დასრულდეს. მოკავშირეები ამბობენ, რომ იგი ეძებს გზას გამარჯვების გამოსაცხადებლად და საომარი მოქმედებების შესაჩერებლად, იმ იმედით, რომ ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდება მანამ, სანამ პოლიტიკური ზიანი შეუქცევადი გახდება.
„შესაძლებლობების ფანჯარა ვიწროა“, - ამბობს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი, რომელმაც, ისევე როგორც სხვებმა, ვინც ამ სტატიისთვის გამოიკითხა, ანონიმურობის პირობით ისაუბრა პრეზიდენტის განწყობის შესახებ.
სატელეფონო ინტერვიუს დროს, ტრამპმა TIME-ს განუცხადა, რომ ირანს საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად შეთანხმების მიღწევა ძალიან სურდა.
„რატომ არ დარეკავდნენ? წუხელ მათი სამი დიდი ხიდი ავაფეთქეთ“, - ამბობს პრეზიდენტი. „ისინი განადგურების პირას არიან. ამბობენ, თითქოს ტრამპი ირანთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. მე კი ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი მარტივი მოლაპარაკებაა“.
ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებისთვის, მათ შორის თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტისთვის, მოულოდნელი აღმოჩნდა საპასუხო თავდასხმების ის ტალღა, რომელიც თეირანმა რეგიონის მასშტაბით აშშ-ისა და ისრაელის სამიზნეებზე განახორციელა.
თავდასხმები მოხდა იმ ქვეყნებშიც, რომლებიც მანამდე ხელშეუხებლად მიიჩნეოდა: ქუვეითში, ბაჰრეინში, საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარში.
ამ რეაქციამ დაამსხვრია დაშვება, რომ თეირანი მხოლოდ ფორმალური შურისძიებით შემოიფარგლებოდა. ჰეგსეტი „მოულოდნელობისგან დაბნეული აღმოჩნდა. ამაში ეჭვი არავის ეპარება“, - ამბობს პირი, რომელიც კარგად იცნობს მის პოზიციას.
პენტაგონი ამ ვერსიას უარყოფს. „ირანის არცერთი ქმედება ჩვენთვის მოულოდნელი არ არის. ჩვენ ვიმარჯვებთ“, - განუცხადა TIME-ს ჰეგსეტის წარმომადგენელმა, შონ პარნელმა.
როდესაც ომისთვის მზადება დაიწყო, ადმინისტრაციას სჯეროდა, რომ გამარჯვების ფორმულა ნაპოვნი ჰქონდა. აშშ განახორციელებდა ისეთ მძლავრ საწყის დარტყმას, რომ თეირანის ერთადერთი გონივრული პასუხი მხოლოდ შეზღუდული შურისძიება იქნებოდა - საკმარისი შიდა აუდიტორიის დასაკმაყოფილებლად, თუმცა ისეთი, რაც ახალ თავდასხმებს არ გამოიწვევდა. ეს თეორია პრეცედენტებს ეფუძნებოდა. როდესაც ტრამპმა პირველი ვადის დროს ირანელი გენერლის, ყასემ სულეიმანის მკვლელობის ბრძანება გასცა, ირანის პასუხი იყო სარაკეტო დარტყმა აშშ-ის ბაზაზე, რომელსაც მსხვერპლი არ მოჰყოლია და რომელიც წინასწარ იყო დაანონსებული.
თანაშემწეების თქმით, ტრამპი ვენესუელას განიხილავდა, როგორც მაგალითს იმისა, რომ სწრაფ, ქირურგიული სიზუსტის ინტერვენციას შეუძლია მტრული რეჟიმის დამხობა, მის ნაცვლად კოოპერატიული ხელისუფლების დასმა და ამერიკული ინტერესების დაცვა ისე, რომ ქვეყანა დაუსრულებელ დაპირისპირებაში არ ჩაითრიოს.
თავდასხმის გეგმა მის განხორციელებამდე თითქმის ერთი თვით ადრე ამოქმედდა - ამას ადასტურებს აშშ-ის ორი მაღალჩინოსანი. ამას კვირების განმავლობაში მიმდინარე ზედმიწევნითი კოორდინაცია დასჭირდა, რომლის დიდი ნაწილიც ისრაელელ კოლეგებთან მჭიდრო კონსულტაციებით მიმდინარეობდა. როდესაც 17 თებერვალს New York Times-მა ოპერაციის დაგეგმვის დეტალები გამოაქვეყნა, ტრამპი თანაშემწეებზე განრისხდა - აცხადებს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანი. ამის შემდეგ პრეზიდენტმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დარტყმების შესახებ გადაწყვეტილებას „10-15 დღეში“ მიიღებდა, თუმცა იცოდა, რომ აშშ შეტევას ბევრად უფრო ადრე გეგმავდა.
პრეზიდენტის უახლოესი გარემოცვიდან, ჯეი დი ვენსი ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდა ამ ოპერაციას - იტყობინება ორი წყარო. „ჯეი დის ეს ნამდვილად არ მოსწონს“, - განაცხადა ტრამპმა. „მაგრამ, როცა გადაწყვეტილება მიღებულია, ის გადაწყვეტილებაა, არა?“
ადმინისტრაცია ასევე მოუმზადებელი აღმოჩნდა, როდესაც ირანმა გავლენის ბერკეტს მიმართა: კონტროლი ჰორმუზის სრუტეზე, რომელზეც ყოველდღიურად მსოფლიო ნავთობის მიწოდების დაახლოებით 20% მოდის. აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ, თეირანმა დე ფაქტო ბლოკადა დააწესა, არხი ფაქტობრივად დაკეტილად გამოაცხადა და არამტრული გემებისთვისაც კი გადაადგილება შეზღუდა. მიღებულმა ეკონომიკურმა შოკმა ქვეყნის შიგნით ისეთი რეზონანსი გამოიწვია, რაც ტრამპის გარემოცვის მოლოდინებს სცდებოდა. საწვავზე ფასების მკვეთრად მატებასთან ერთად, ტრამპი შეეცადა გაზრდილი ხარჯები წარმოეჩინა, როგორც აუცილებელი კომპრომისი - მოკლევადიანი ტვირთი ბირთვული ირანის საფრთხის აღმოფხვრის სანაცვლოდ.
ტრამპი ასევე ერთგვარი „გამოუვალი მდგომარეობის“ წინაშე აღმოჩნდა. მას ომის დასრულება სურს, თუმცა არა იმ მიზნების მიღწევის გარეშე, რომლებიც საბოლოოდ აღკვეთდა ირანის მიერ ბირთვულ იარაღთან მიახლოების მცდელობებს. შიდა განხილვებისას ეროვნული უსაფრთხოების ზოგიერთი მაღალჩინოსანი აფრთხილებდა მას, რომ ხანგრძლივმა იერიშმა, შეკავების ნაცვლად, შესაძლოა უფრო მეტად შეუწყოს ხელი თეირანის ამბიციების დაჩქარებას.
მაშინ, როდესაც საბრძოლო მოქმედებები ჭიანურდება, ტრამპზე შთაბეჭდილება მოახდინა თეირანის შეუპოვრობამ. „ისინი ძალიან მტკიცენი არიან. მათ შეუძლიათ უზარმაზარ ზიანს გაუძლონ“, - ეუბნება იგი TIME-ს. „ამიტომ, მე მათ ამის გამო პატივს ვცემ. ფაქტია, ვფიქრობ, რომ ისინი უკეთესი მომლაპარაკებლები არიან, ვიდრე მებრძოლები“.
ადმინისტრაცია ახლა რთული, თითქმის აკრობატული გამოწვევის წინაშე დგას: იპოვოს გამოსავალი ისე, რომ არ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ძალიან ცოტას მიაღწია. ისეთი მემკვიდრე რეჟიმის ჩამოყალიბება, რომელიც უფრო სტაბილური და დასავლეთის მიმართ კეთილგანწყობილი იქნება, ვიდრე ის, რომლის ჩანაცვლებასაც პრეზიდენტი გეგმავს, იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ტრამპს ეგონა.
თანაშემწეების თქმით, იმედოვნებენ, რომ ირანის სამხედრო შესაძლებლობების დაქვეითება და მისი ლიდერების განადგურება გამორიცხავს ბირთვული სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესაძლებლობას, დაშლის მის ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და შექმნის პირობებს შიდა ცვლილებებისთვის. თუმცა, ეს გზაც სავსეა საფრთხეებით. რიგითი ირანელები მეტწილად უიარაღონი არიან და მათ წინაშეა განვითარებული არმია, რომელიც მზად არის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ დამანგრეველი ძალა გამოიყენოს.
ის, თუ როგორ შეიძლება იმოქმედოს ომმა ნოემბრის არჩევნებზე და რას ნიშნავს ეს შედეგები მისი პრეზიდენტობის დარჩენილი პერიოდისთვის არის კითხვა, რომელიც ტრამპის გადაწყვეტილებებს ლაიტმოტივად გასდევს.
ზოგიერთი მრჩეველი პრეზიდენტის მსჯელობაში მორჩილების ნოტებს ამჩნევს. კერძო საუბრებში იგი ხშირად აღნიშნავს, რომ მმართველი პარტია შუალედურ არჩევნებში, როგორც წესი, პოზიციებს თმობს. „მას უჭირს ამ ისტორიული მოცემულობის გადალახვა“, - აღნიშნავს თანაშემწე. თუმცა, ისტორია იმასაც გვკარნახობს, რომ პრეზიდენტისთვის, რომელსაც ქვეყანა ომში შეჰყავს, შეიძლება არჩევნების წაგებაზე უარესი შედეგებიც დადგეს.











