The Wall Street Journal: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი, შესაძლოა, 18 ივნისს ვატიკანში გაიმართოს

ვატიკანი

რუსეთისა და უკრაინის დელეგაციების მომდევნო შეხვედრა, შესაძლოა, ივნისის შუა რიცხვებში ვატიკანში გაიმართოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს 18 მაისს სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ მოლაპარაკებებს აგრეთვე დაესწრებიან სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი და სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.

ტრამპისა და ევროპელი ლიდერების კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი 19 მაისს შედგა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების დღეს. The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, საფრანგეთის ლიდერი, ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

როგორც გამოცემა წერს, ზოგმა ევროპელმა ლიდერმა ტრამპს უთხრა, რომ ვატიკანში გამართული შეხვედრის შედეგი უკრაინაში ცეცხლის უპირობო შეწყვეტა უნდა იყოს.

ფინეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ სტუბმაც, რომელსაც აგრეთვე ესაუბრა ტრამპი პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი ვატიკანში გაიმართება.