The Wall Street Journal: ომის განმავლობაში, უკრაინელები სამხედრო დანაყოფებს თანხებს სწირავდნენ - ახლა ბევრი ეჭვობს, რომ მათი ლიდერები მდიდრდებოდნენ მაშინ, როცა ღარიბი უკრაინელები მსხვერპლს იღებდნენ

კი

მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკი ხელისუფლებაში კორუფციისა და მექრთამეობის აღმოფხვრის დაპირებებით მოვიდა, სამოქალაქო აქტივისტები ახლა ეჭვქვეშ აყენებენ, არის თუ არა ის კვლავ ამ იდეის ერთგული, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი.

„ღამის 2 საათს გადაცილებული იყო, როდესაც ტიმურ მინდიჩმა გასულ კვირას პოლონეთის საზღვარი გადაკვეთა - რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე დეტექტივები მის სახლში მივიდოდნენ, მაღალი დონის კორუფციის გამოძიების ფარგლებში, რომელმაც ომისგან განადგურებული ქვეყანა შეძრა. ოპერაციის ფარგლებში, უკრაინის მასშტაბით, დაახლოებით 70 საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რომლის დროსაც ხუთი ადამიანი დააკავეს. მინდიჩი, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილი ბიზნესპარტნიორი და ერთ-ერთი ოფიციალურად ბრალდებული, უკრაინის ფარგლებს გარეთ მიმალვაში რჩება“, - წერს The Wall Street Journal-ი.

„გაფრთხილებული იყო?“ - განაცხადა სემიონ კრივონოსმა, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს დირექტორმა. „ეს უნდა იყოს გამოძიებული“.

ეს გამოძიება ზელენსკის თანამდებობაზე მოსვლის შემდეგ, ყველაზე მაღალ სამთავრობო დონეს - და თვით ზელენსკისთან ყველაზე ახლოს მყოფ პირებს - შეეხო.

„კორუფციის შესახებ ბრალდებებმა განარისხა უკრაინელები, რომლებიც ომისდროინდელ სირთულეებს უძლებენ - ეს ახლა ყველაზე აშკარა საფრთხეს უქმნის ზელენსკის ლიდერობას“, - ნათქვამია სტატიაში.

გამოძიების თანახმად, მინდიჩი, რომელმაც ზელენსკისთან ერთად საპრეზიდენტო არჩევნებამდე დააფუძნა საპროდიუსერო კომპანია, იყო „კრიმინალური ორგანიზაციის“ ლიდერი, რომელმაც 100 მილიონი დოლარი უკრაინის სახელმწიფო ატომური ენერგეტიკული კომპანია „ენერგოატომის“ მეშვეობით მიითვისა.

მას ოფიციალურად ბრალი ედება ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კრიმინალური ორგანიზაციის შექმნასა და ხელმძღვანელობაში, ასევე ფულის გათეთრებაში.

„ომის განმავლობაში, საშუალო და მუშათა კლასის მოქალაქეები სამხედრო დანაყოფებს დრონებისა და ავტომობილების შესაძენად თანხებს სწირავდნენ. ახლა ბევრს ეჭვი უჩნდება, რომ მათი ლიდერები საკუთარ გამდიდრებაზე ზრუნავდნენ, მაშინ როცა ღარიბი უკრაინელები მსხვერპლს იღებდნენ. გამოძიების დრო კიდევ უფრო ამძიმებს მდგომარეობას: ქვეყნის დიდი ნაწილი უმკლავდება ელექტროენერგიის გათიშვებს - რუსეთის მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების შემდეგ ბევრი სახლი გათბობის გარეშე რჩება“, - ნათქვამია სტატიაში.

„საზღვარგარეთ, ზელენსკისთვის საფრთხე არანაკლებ ცხადია. პრეზიდენტმა ტრამპმა უკვე გამოხატა ყოყმანი, გაეგრძელებინა უკრაინისთვის იარაღისა და სხვა დახმარების გაგზავნა, მაშინ როცა სხვა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ეჭვქვეშ დააყენეს, თუ როგორ იყენებს კიევი ამერიკულ სახსრებს. ზელენსკის ადმინისტრაციაში კორუფციის ბრალდებები კი ზრდის რისკს, რომ აშშ-მა დახმარების ონკანი გადაკეტოს“, - აღნიშნავს გამოცემა The Wall Street Journal-ი.