The Wall Street Journal: ჰორმუზის სრუტის გახსნის გამო წარმოშობილმა უთანხმოებამ აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის განხეთქილება გააჩინა

დონალდ ტრამპი მუჰამედ ბინ სალმანი

გაზაფხულს, ჰორმუზის სრუტის გასახსნელად დაწყებული ოპერაციისას, ახლო აღმოსავლეთში განლაგებული აშშ-ის 100-ზე მეტი სამხედრო თვითმფრინავი ბაზებიდან და ხომალდებიდან აფრინდა, თუმცა მოულოდნელ დაბრკოლებას წააწყდნენ - საუდის არაბეთი, რომლის ბაზები და საჰაერო სივრცეც ამ მისიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, უარს ამბობდა თანამშრომლობაზე, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal.

ამ წინააღმდეგობის გამო შეერთებული შტატები იძულებული გახდა, შეეწყვიტა პროექტი „თავისუფლება“ და პრეზიდენტ ტრამპის მიერ რამდენიმე საათით ადრე დაწყებული სამხედრო ოპერაცია, რომელიც გემებისთვის თავისუფალი ნაოსნობის უზრუნველყოფას გულისხმობდა, ჩაიშალა.

თეთრი სახლის მკაცრი რეაქციის ფონზე, ადმინისტრაცია საუდის არაბეთს დაემუქრა, რომ შეაჩერებდა იმ საზენიტო რაკეტების მიწოდებას, რომლებიც სამეფოს ირანული რაკეტებისა და დრონების ჩამოსაგდებად სჭირდება, თუკი საუდის არაბეთი გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა - ამის შესახებ დისკუსიებში ჩახედულმა აშშ-ისა და საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. საბოლოოდ, საუდის არაბეთი დათმობაზე წავიდა, თუმცა, როგორც ამერიკელი ოფიციალური პირები მაშინვე აღნიშნავდნენ, მიყენებული ზიანის გამოსწორება ადვილი არ იქნებოდა.

ამჟამად აშშ საუდის არაბეთში საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობის შემცირებას განიხილავს - ამის შესახებ აშშ-ის იმ ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომლებიც დაგეგმვის პროცესში არიან ჩართულნი.

აშშ-ის ეს მუქარა, რომელიც აქამდე გასაჯაროებული არ ყოფილა, წლების განმავლობაში ყველაზე მწვავე განხეთქილებად იქცა იმ ურთიერთობაში, რომელიც ათწლეულების მანძილზე სპარსეთის ყურეში უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად ღრმად შეიძლება აისახოს ეს უთანხმოებები და ურთიერთდაპირისპირება იმ ურთიერთობაზე, რომელიც დიდი ხანია, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უსაფრთხოების პოლიტიკის ქვაკუთხედს წარმოადგენს. საუდის არაბეთი ამერიკული იარაღის ერთ-ერთი უმსხვილესი შემკვეთი და საინვესტიციო კაპიტალის წყაროა, მათ შორის კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების მიწოდების ჯაჭვებში, ხელოვნურ ინტელექტსა და სამოქალაქო ბირთვულ თანამშრომლობაში.

თუმცა, საუდის არაბეთი და აშშ ირანის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით რეალურად არასდროს ყოფილან ერთიანი. მიმდინარე წლის დასაწყისში, მას შემდეგ, რაც აშშ-მა რეგიონში ძალები გააძლიერა და მოკავშირეებს მოუწოდა, დიდი თავდასხმისთვის მზად ყოფილიყვნენ, საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნები კვირების განმავლობაში ცდილობდნენ ადმინისტრაციის დარწმუნებას, რომ დიპლომატიური გამოსავალი ეპოვათ.

საუდის არაბეთის ოფიციალურმა პირებმა თეთრ სახლს აცნობეს, რომ ირანის რეჟიმის დამხობის ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვას, შეარყევს ნავთობის ბაზრებს და დააზიანებს როგორც აშშ-ის ეკონომიკას, ისე რეგიონულ სტაბილურობას - ამის შესახებ არაბმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს. საუდის არაბეთმა და სპარსეთის ყურის სხვა ქვეყნებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი არ დაუშვებდნენ საკუთარი ბაზებისა და საჰაერო სივრცის გამოყენებას ირანზე თავდასხმისთვის.