ილჰამ ალიევი: დღეს ევროკავშირის ათი წევრი სახელმწიფო აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს ახორციელებს, არსებობს ამ გეოგრაფიის გაფართოების პოტენციალი

ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანი ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ევროკომისიის პრეზიდენტთან, ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ალიევის თქმით, ევროკავშირში ვაჭრობის მოცულობის 70 პროცენტზე მეტი აზერბაიჯანზე მოდის. ილჰამ ალიევის თქმით, ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ძალიან აქტიური და დინამიკური დიალოგი მიმდინარეობს და ბაქო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროკომისიასთან თანამშრომლობას.

„დღეს ევროკავშირის ათი წევრი სახელმწიფო აზერბაიჯანიდან გაზის იმპორტს ახორციელებს და ამ გეოგრაფიის გაფართოების პოტენციალი არსებობს. აზერბაიჯანმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური ძალისხმევა გასწია და მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსები ჩადო, რათა შეექმნა საჭირო ინფრასტრუქტურა თავისი ნავთობისა და გაზის რესურსების ევროპაში ტრანსპორტირებისთვის. სამხრეთის გაზის დერეფანი ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის ღირსეული მაგალითია. სატრანსპორტო კავშირების განვითარება ჩვენი განხილვების მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. აზერბაიჯანი აქტიური მონაწილეა და ბევრ შემთხვევაში რეგიონული სატრანსპორტო პროექტების ინიციატორიც. აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის. ჩვენს მეზობლებთან და ჩვენი მეზობლების მეზობლებთან კარგმა ურთიერთობამ საშუალება მოგვცა, შეგვექმნა თანამშრომლობის ფართო ფორმატი, რომელიც ყველა მონაწილის ინტერესებს ემსახურება“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ბაქოს შეუძლია, გახდეს ევროკომისიის სტრატეგიული პარტნიორი განახლებადი ენერგიის სფეროში.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა სომხეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა.

„მშვიდობა პრაქტიკაშიც მიღწეულია. ჩვენ უკვე ვხედავთ მის სარგებელს. ჩვენ გადავდგით არაერთი ცალმხრივი ნაბიჯი იმის საჩვენებლად, რომ მშვიდობა მხოლოდ ქაღალდზე არ რჩება, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც იგრძნობა. აზერბაიჯანმა მოხსნა ყველა შეზღუდვა სომხეთში თავისი ტერიტორიის გავლით საქონლის ტრანზიტზე. ეს შეზღუდვები სომხეთის მიერ ჩვენი საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიების ოკუპაციის გამო დაწესდა“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.