„ტროტუარზე, ქალი მანქანამ გაიტანა...“ - მძიმე ავარია თბილისში
1782939096
ახალი კვლევის თანახმად, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ოთხი წლის განმავლობაში, რუსი და უკრაინელი სამხედროების ჯამურმა დანაკარგებმა (დაღუპულები და დაჭრილები) ორ მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი „სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის“ (Center for Strategic and International Studies) ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის თანახმად, რუსეთმა უფრო მძიმე დანაკარგები განიცადა: 2022 წლის თებერვლიდან, ანუ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან, დაიღუპა ან დაიჭრა 1.4 მილიონი რუსი სამხედრო. მათგან 450 000 დაღუპულია, რაც ოთხჯერ აღემატება აშშ-ის დანაკარგებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარ ყველა ომში ერთად აღებულს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგებმა 525 000-დან 625 000-მდე შეადგინა, მათ შორის 125 000-დან 150 000-მდე დაღუპულია.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალური პირების გაფრთხილებით, ომის განმავლობაში მსხვერპლის ზუსტი შეფასება რთულია, რადგან მიიჩნევა, რომ მოსკოვი რეგულარულად ამცირებს დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობას, უკრაინა კი საკუთარ ოფიციალურ მონაცემებს არ ასაჯაროებს. კვლევაში გამოყენებულია ამერიკული და ბრიტანული მთავრობების შეფასებები, ასევე სხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემები.
ანალიტიკოსების შეფასებით, ეს ციფრები მძიმედ ასახავს რუსეთის ნელი პროგრესის სურათს უკრაინაში: ზოგიერთ მონაკვეთზე რუსული ძალები დღეში 50 მეტრზე ნაკლები სისწრაფით მიიწევდნენ წინ. თებერვალში უკრაინამ, 2023 წლის შემდეგ პირველად, სამხრეთში კონტრშეტევაზე გადასვლით უფრო მეტი ტერიტორიის დაბრუნება შეძლო, ვიდრე დაკარგა.