The New York Times: ერთწლიანი დამქანცველი იერიშების შემდეგ, რუსეთი უკრაინის საკვანძო ქალაქების დაკავებას უახლოვდება

David Guttenfelder/The New York Times

წელიწადზე მეტია, რუსული ძალები მძიმე ბრძოლებით მიიწევენ წინ უკრაინის ბრძოლის ველზე ისე, რომ არცერთი მსხვილი ურბანული სიმაგრე არ აუღიათ - ახლა კი, ეს გამომფიტავი წინსვლა შესაძლოა შედეგის მომტანი აღმოჩნდეს; სამხედრო ექსპერტებისა და დამოუკიდებელი დამკვირვებლების მონაცემებით, რუსეთი, როგორც ჩანს, მზად არის უახლოეს კვირებში ან თვეებში სამი სტრატეგიული ზონის დაკავება დაასრულოს, - წერს ამერიკული გაზეთი The New York Times-ი სტატიაში სათაურით „ერთწლიანი დამქანცველი იერიშების შემდეგ, რუსეთი უკრაინის საკვანძო ქალაქების დაკავებას უახლოვდება“.

სტატიაში აღნიშნულია, რომ სამივე რაიონის - სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ გულიაიპოლეს, ასევე პოკროვსკისა და მირნოგრადის - აღება რუსეთს მისცემს ურბანულ პლაცდარმს ჯარების განსათავსებლად და მომავალი შეტევებისთვის ლოგისტიკის მოსაწყობად, ისევე როგორც ახალ ბერკეტს აშშ-ის შუამავლობით გამართულ სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

ექსპერტების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა ეს მიღწევები სწრაფად გარდასახოს შემდგომ ტერიტორიულ გაფართოებად, იმის გათვალისწინებით, თუ რა ნელა მიიწევდნენ მისი ჯარები გასული წლის განმავლობაში.

თუმცა, მოსკოვმა შესაძლოა ეს წინსვლა სამშვიდობო მოლაპარაკებებისას იმის დასამტკიცებლად გამოიყენოს, რომ მისი წინსვლა, თუნდაც ნელი, გარდაუვალია და უკრაინისთვის აჯობებს ტერიტორიების დათმობაზე ახლავე დათანხმდეს, ვიდრე ტერიტორიები მოგვიანებით, სისხლისმღვრელი ბრძოლების შედეგად დაკარგოს.

სამხედრო ექსპერტების განცხადებით, პოკროვსკისა და მირნოგრადის აღება მოსკოვს მისცემს პლაცდარმს ჩრდილოეთისკენ და თავისი მიზნის მისაღწევად - დონეცკის ოლქის სრულად დასაკავებლად, რომლის დაახლოებით სამ მეოთხედს ის უკვე აკონტროლებს.

მთავარი სამიზნე შესაძლოა გახდეს კონსტანტინოვკა. კონსტანტინოვკა წარმოადგენს სამხრეთ კარიბჭეს იმ ქალაქთა ჯაჭვისთვის, რომლებიც დონეცკში უკრაინის ბოლო მთავარ თავდაცვით სარტყელს ქმნიან.

მისი დაცემის შემთხვევაში, უფრო ჩრდილოეთით მდებარე თითქმის ყველა ქალაქი რუსული დრონების მოქმედების რადიუსში მოექცევა, მოსკოვი კი მიიღებს წვდომას საკვანძო გზაზე, რომელიც ამ ქალაქებს ერთმანეთთან აკავშირებს.

„თუ რუსული ჯარები ბრძოლის ველზე წინ წაიწევენ, უკრაინა, სავარაუდოდ, უფრო დიდი ზეწოლის წინაშე აღმოჩნდება დიპლომატიურ ფრონტზეც - მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან, რომელიც იმეორებს მოსკოვის არგუმენტს, რომ უკრაინამ სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში ტერიტორიები უნდა დათმოს, რათა თავიდან აიცილოს შემდგომი ბრძოლები“, - აღნიშნულია სტატიაში.