UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
ევროკავშირი ევროკომისიის საქმიანობას იკვლევს ვოლოდიმირ ზელენსკის, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და რამდენიმე ევროპელი ლიდერის მონაწილეობით შექმნილ დახურულ ჯგუფურ ჩატთან დაკავშირებით, რომელშიც, გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან ურთიერთობის საკითხები განიხილებოდა. ინფორმაციას The Independent-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ჩატში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი.
მიმოწერის შინაარსი საჯარო არ გამხდარა, რადგან ევროკომისიამ ჟურნალისტების მოთხოვნა, ჩატზე წვდომის შესაძლებლობის მიცემის შესახებ არ დააკმაყოფილა.
გასულ პარასკევს ევროპის ომბუდსმენმა ტერეზა ანჟინიომ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს წერილით აცნობა, რომ დაიწყებდა გამოძიებას, რათა დაედგინა, გამოიჩინა თუ არა ევროკომისიამ გამჭვირვალობის ნაკლებობა აღნიშნული მოთხოვნის განხილვისას.
ნიდერლანდურმა საგამოძიებო ორგანიზაციამ Follow the Money-მ მიმოწერაზე წვდომა იანვარში მოითხოვა, თუმცა ევროკომისიამ განაცხადი უარყო იმ მოტივით, რომ ინფორმაციის გასაჯაროებამ, შესაძლოა, ევროკავშირის ურთიერთობები დააზიანოს იმ ქვეყნებთან, რომლებიც ბლოკის წევრები არ არიან.
გამოძიება, სავარაუდოდ, რამდენიმე თვე გაგრძელდება. ევროკომისიის წარმომადგენლებსა და ომბუდსმენს შორის შეხვედრა ივლისის შუა რიცხვებშია დაგეგმილი.
მარტის დასაწყისში, როდესაც ევროკომისიამ ჯგუფურ ჩატებზე წვდომის მოთხოვნა პირველად უარყო, განმარტა, რომ მესამე ქვეყნების ლიდერებთან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან მუდმივი არაფორმალური და პირადი კომუნიკაცია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით მიმდინარეობს. კომისიის შეფასებით, ამ მიმოწერების გასაჯაროება საზოგადოებრივ ინტერესს არ შეესაბამება.
მომჩივანი მხარე მოგვიანებით აცხადებდა, რომ ევროკომისიამ უარის მიზეზები სათანადოდ არ განმარტა. საპასუხოდ, ევროკომისიამ მოთხოვნა კვლავ უარყო და საერთაშორისო ურთიერთობების დაცვის ინტერესებზე მიუთითა.
გამოცემა POLITICO-მ ე.წ. „ვაშინგტონის ჯგუფის“ შესახებ პირველად იანვარში დაწერა. ერთ-ერთი წყაროს ინფორმაციით, ლიდერები ერთმანეთს შეტყობინებებს უგზავნიდნენ ყოველ ჯერზე, როდესაც ტრამპი რაიმე პოტენციურად საზიანო განცხადებას ან ქმედებას ახორციელებდა.
„როდესაც მოვლენები სწრაფად ვითარდება, კოორდინაცია რთულდება და ეს ჯგუფური ჩატი ნამდვილად ეფექტიანია. ეს ბევრს ამბობს პირად ურთიერთობებზე და იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ისინი“, - განუცხადა წყარომ გამოცემას.
ჯგუფი, რომელიც აღწერილია, როგორც „არაფორმალური, მაგრამ აქტიური“, შეიქმნა მას შემდეგ, რაც ევროპელი ლიდერები ზელენსკისთან ერთად თეთრ სახლს გასული წლის აგვისტოში ეწვივნენ.