თეთრ სახლში უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის შესახებ ცნობებს უარყოფენ

ჯეიკ სალივანი

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან საუბარში უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ თეთრი სახლი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემის საკითხს განიხილავს.

"ეს არ განიხილება. ჩვენ ვაწვდით უკრაინას სხვადასხვა კონვენციურ იარაღსა და საშუალებას, რათა მას საკუთარი თავის დაცვა და რუსებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ეფექტურად შეეძლოს, ხოლო ბირთვულ შეიარაღებას და საშუალებებს არ ვაწვდით", - განაცხადა მან.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაცია გააკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია, რათა უკრაინას ბრძოლის ველზე საკუთარი პოზიციების გაძლიერება შეეძლო და მოლაპარაკებათა მაგიდასთან ძლიერი იყოს.

"ბაიდენმა დამავალა, რომ თვალი ვადევნო უკრაინისთვის მიწოდებული სამხედრო აღჭურვილობის გაზრდას, რათა ჩვენ შევძლოთ დავხარჯოთ თითოეული დოლარი, რომელსაც კონგრესი გამოგვიყოფს მანამ, სანამ ბაიდენი გადადგება", - დასძინა სალივანმა.

ცნობისთვის, ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები განიხილავენ ვარიანტს უკრაინას დაუბრუნონ ბირთვული იარაღი, რომელიც ქვეყნიდან 1990-იან წლებში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო გატანილი.