1781296763
ტაილანდის პრინცესა, რომელიც სამ წელი კომაში იყო, გარდაიცვალა
ტაილანდის პრინცესა ბაჯრაკიტიაბჰა 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ტაილანდის სამეფო კარზე დაყრდნობით ავრცელებს.
პრინცესა 2022 წლის დეკემბრიდან კომაში იმყოფებოდა. ის ძაღლების ვარჯიშის დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. ექიმების განმარტებით, მდგომარეობა გულში განვითარებულმა მიკოპლაზმურმა ინფექციამ გამოიწვია.
ბაჯრაკიტიაბჰა მეფე ვაჯირალონგკორნის შვიდი შვილიდან უფროსი იყო და სამეფო ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წევრად მიიჩნეოდა. მისი გარდაცვალებით ტაილანდის მონარქიამ დაკარგა ფიგურა, რომელსაც შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა სამეფო ტახტის მომავალ მემკვიდრეობაში.
პრინცესა პროფესიით იურისტი იყო. კარიერის განმავლობაში მუშაობდა ნიუ-იორკში, გაეროში ტაილანდის მისიაში, ასევე ტაილანდის გენერალური პროკურორის ოფისში. 2012-2014 წლებში იგი ტაილანდის ელჩი იყო ავსტრიაში, მოგვიანებით კი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამებში აქტიურად მონაწილეობდა და სისხლის სამართლის სისტემის რეფორმას უჭერდა მხარს.
2021 წელს მეფე ვაჯირალონგკორნმა ქალიშვილი პირადი დაცვის შტაბის უფროსად დანიშნა და გენერლის წოდება მიანიჭა.
73 წლის მეფეს ტახტის მემკვიდრე ოფიციალურად ჯერ კიდევ არ დაუსახელებია. მიუხედავად იმისა, რომ ტაილანდური ტრადიციის მიხედვით მემკვიდრე, როგორც წესი, მამაკაცია, ქვეყნის კონსტიტუცია ქალის გამეფების შესაძლებლობასაც ითვალისწინებს.











