სუვერენიტეტი ჩვენი წითელი ხაზია - გრენლანდიის პრემიერი

იენს-ფრედერიკ ნილსენ​ი

სუვერენიტეტი ჩვენი წითელი ხაზია. არ შეგვიძლია წითელი ხაზების გადაკვეთა, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართალს, სუვერენიტეტს, – ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა.

ნილსენმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან დიალოგზე, თანამშრომლობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის დამყარებას იმედოვნებს.

იენს-ფრედერიკ ნილსენის თქმით, ჯერ კიდევ არ არის ინფორმირებული დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული შეთანხმების ბევრი ასპექტის შესახებ და აღნიშნა, რომ ამაზე დანიისა და გრენლანდიის წარმომადგენლების სამუშაო ჯგუფი იმუშავებს. ამასთან, ნილსენი ამბობს, რომ გრენლანდია ეთანხმება კუნძულზე ნატო-ს სამხედრო ყოფნის გაზრდას.

„ჩვენი მიზანი და სურვილია, გავაგრძელოთ მშვიდობიანი დიალოგი, რომელიც დაფუძნებული იქნება თანამშრომლობაზე, ჩვენი კონსტიტუციური პოზიციის, საერთაშორისო სამართლის, ჩვენი ქვეყნის უფლებისა და თვითგამორკვევის უფლების პატივისცემით. აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა შედგა. მაღალი დონის სამუშაო ჯგუფი იმუშავებს გრენლანდიაში აშშ-ის ინტერესების გადაჭრის გზების მოსაძებნად. გრენლანდიაში გვაქვს გარკვეული წითელი ხაზები. ჩვენ არ შეგვიძლია წითელი ხაზების გადაკვეთა, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართალს, სუვერენიტეტს. მზად ვართ, უფრო მეტად ვითანამშრომლოთ ეკონომიკაში, სხვა სფეროებში, მაგრამ ეს არის ის, რაზეც ურთიერთპატივისცემით უნდა ვისაუბროთ. გრენლანდია კვლავ სერიოზულად უდგება არქტიკაში უსაფრთხოების მდგომარეობას. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვრჩებით ნატო-ს ალიანსის ერთგული, რადგან ვცდილობთ არქტიკაში უსაფრთხოების გაძლიერებას მნიშვნელოვანი ინიციატივების მეშვეობით, მათ შორის გრენლანდიაში ნატო-ს უფრო მუდმივი მისიის, სამხედრო ყოფნისა და წვრთნების გაზრდის გზით. მოხარული და ბედნიერი ვარ იმის გამო, რაც ტრამპმა დავოსში გამოსვლისას თქვა. ასევე მიხარია, რომ ჩვენ გვყავს მაღალი დონის სამუშაო ჯგუფი, რომელსაც შეუძლია საკითხების მოგვარება, ჩვენ შეგვიძლია, გავარკვიოთ, რა არის აშშ-ის ინტერესები“, – განაცხადა ნილსენმა.