სურსათის, საწვავისა და ფინანსური კრიზისის გამო, მილიონობით ადამიანი სიღარიბის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს - გაერო

gaero

გლობალურ დონეზე სურსათის, საწვავისა და ფინანსური კრიზისის გამო, მილიონობით ადამიანი სასურსათო დაუცველობისა და სიღარიბის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს,- ამის შესახებ ადამიანის უფლებების საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარმა, მიშელ ბაჩელეტმა განაცხადა. ინფორმაციას BBC -ი ავრცელებს. 

მიშელ ბაჩელეტმა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წინაშე რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად გამოწვეულ ქაოსსა და ნგრევაზე ისაუბრა.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ ბოლოს შევიკრიბეთ, უკრაინაში მიმდინარე ომი კვლავ ანადგურებს მრავალი ადამიანის სიცოცხლეს. მშვიდობიანი მოსახლეობისთვის მიყენებული საშინელება წარუშლელ კვალს დატოვებს, მათ შორის მომავალი თაობებისთვის. მისი [ომის] სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგები რეგიონში და გლობალურ დონეზე ვრცელდება და მას დასასრული არ უჩანს“, - აღნიშნა მიშელ ბაჩელეტმა.

მსოფლიო სასურსათო პროგრამის მონაცემების თანახმად, მოსალოდნელია, რომ მძიმე სასურსათო დაუცველობის პირობებში მცხოვრები ადამიანების რიცხვი 2022 წლის დასაწყისში 276 მილიონიდან წლის განმავლობაში 323 მილიონამდე გაიზრდება.