სუდანის დედაქალაქში ბიოლოგიური საფრთხის მაღალი რისკია - ჯანმო

სუდანი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ სუდანის დედაქალაქ ხარტუმში ბიოლოგიური საფრთხის მაღალი რისკია მას შემდეგ, რაც კონფლიქტის ერთ-ერთმა მხარემ იმ ლაბორატორიის შენობა დაიკავა, რომელშიც სახიფათო მასალებია განთავსებული.

სუდანში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ნიმა საიდ აბიდმა განაცხადა, რომ ტექნიკურმა სპეციალისტებმა ვერ შეაღწიეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ლაბორატორიაში მასალების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე აღნიშნავენ, რომ შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რაც ლაბორატორიაში არსებულ მასალას საფრთხეს უქმნის.

15 აპრილს სუდანის შეიარაღებულ ძალებსა და „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ (RSF) გასამხედროებულ დაჯგუფებებს შორის ბრძოლები დაიწყო. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 459 ადამიანი, ხოლო 4 072 - დაშავდა.