სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთმა უკრაინის ომში რუსეთის მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს

სტოლტენბერგის

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ჩინეთმა უკრაინის ომში რუსეთის მხარდაჭერისთვის პასუხი უნდა აგოს. BBC-სთან საუბრისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა განმარტა, რომ პეკინი მოსკოვის დახმარების პარალელურად, ცდილობს ევროპასთან ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნოს, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელი იქნება.

„ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი შეეცადა ისეთი შთაბეჭდილების შექმნას, თითქოს ამ კონფლიქტში უკანა პლანზე გადადის, რათა თავი აარიდოს სანქციებს და შეინარჩუნოს ვაჭრობა. რაღაც ეტაპზე უნდა ვიმსჯელოთ გარკვეულ ეკონომიკურ საფასურზე, რომლის გადახდაც ჩინეთს მოუწევს თუ თავის ქცევას არ შეცვლის“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

თავად ჩინეთი აცხადებს, რომ რუსეთთან ლეტალური იარაღით არ ვაჭრობს, ხოლო ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ექსპორტს კანონისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ეწევა.